უკრაინამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან 12 ბავშვი ოჯახებთან ერთად დაიბრუნა

უკრაინის სახალხო დამცველის, დმიტრო ლუბინეცის ინფორმაციით, 12 უკრაინელი ბავშვი მათ ოჯახებთან ერთად ს მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინის კონტროლირებულ ტერიტორიაზე დააბრუნეს. ინფორმაციას ომბუდსმენი Telegram-არხზე ავრცელებს.
“ბავშვები ნათესავებთან ერთად დონეცკში, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში ცხოვრობდნენ. საბედნიეროდ, ისინი ახლა უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან”. – წერს ლუბინეცი.
როგორც ოჯახები ამბობენ, ოკუპანტები მათ რუსული პასპორტების აღებას აიძულებდნენ, ხოლო ბავშვების ნაწილს რუსულ სკოლებში სიარული უწევდათ, სადაც თანამშრომლები ომის შესახებ რუსულ პროპაგანდისტულ კამპანიას აქტიურად ეწეოდნენ.
“ექიმები თანდაყოლილი დაავადებების მქონე ბავშვებსაც კი არ იღებენ, რომლებიც განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებენ. ამის ნაცვლად, მშობლებს მოუწოდებენ, თავიანთი შვილები “რეაბილიტაციაზე” გააგზავნონ, რაც ხშირად მათ დეპორტაციასა და იძულებით გადაადგილებას გულისხმობს”. – უყვებიან ლუბინეცს კონტროლირებულ ტერიტორიებზე დაბრუნებული ოჯახები.
ოჯახები ასევე ამბობენ, რომ რუსები უსაფუძვლოდ ჩხრეკენ ადგილობრივების სახლებს, აკავებენ, სცემენ, ელექტროშოკით აწამებენ და ფსიქოლოგიურად ავიწროებენ ზრდასრულებს, ბავშვებს კი მშობლების დასწრების გარეშე დაკითხვას უწყობენ და წამების მეთოდებს ამ დროსაც იყენებენ.