ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პარტია გადასცა, – ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
მათივე ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი დახმარების პაკეტი მოიცავს დრონების საწინააღმდეგო სისტემებს, გენერატორებსა და დასაკეც საწოლებს.
„ლიეტუვა აგრძელებს უკრაინის ურყევ მხარდაჭერას, ქვეყნის, რომელიც იტანჯება რუსეთის სასტიკი აგრესიით“, – აღნიშნულია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ლიეტუვაში ჩავიდა, სადაც ე.წ. სამი ზღვის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. გუშინ კი კიევს ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ლაურინას კაშიუნასი ეწვია. მან უკრაინელ კოლეგასთან, რუსტემ უმეროვთან შეხვედრაზე სამხედრო დახმარების მიწოდების პრობლემები და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხი განიხილა.