25 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
მანამდე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ბერსეს აღნიშნულ შეთანხმებაზე ხელის მოწერის უფლებამოსილება მიანიჭა.
24 ივნისს უკრაინის პრემიერმინისტრის მოადგილემ, ოლგა სტეფანიშინამ აღნიშნა, რომ სპეციალურ ტრიბუნალს იურისდიქცია რუსეთის პრეზიდენტის, პრემიერმინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვა მაღალჩინოსნების მიმართაც ექნება. სტეფანიშინას თქმით, ტრიბუნალი შეეხება აგრესიის დანაშაულის ყველა ასპექტს, მათ შორის დაგეგმვას, მომზადებას, ინიცირებას და შესრულებას.
Ukrainskaya Pravda წერს, აღნიშნულ ტრიბუნალს საერთაშორისო სამართლის ძალა ექნება და არა ეროვნული ან ჰიბრიდული სტრუქტურის. გამოცემა აღნიშნავს, რომ ამას რომის სტატუტის 8-bis მუხლი უზრუნველყოფს.
ასევე, გამოცემის ცნობით, ტრიბუნალს განაჩენის გამოტანა ბრალდებულთა არყოფნის შემთხვევაშიც შეეძლება. კერძოდ, რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ და შესაძლოა ბელარუსისა და ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობის წინააღმდეგაც.