უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ეკონომიკური პარტნიორობისა და რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ შეთანხმების მიღწევის განზრახვას ადასტურებს.
მემორანდუმს ცალ-ცალკე, დისტანციურად მოაწერეს ხელი აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა და უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ.
უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა მემორანდუმის ტექსტი, რომლის თანახმადაც,
ამერიკის შეერთებული შტატები და უკრაინა აპირებენ შექმნან საინვესტიციო ფონდი რეკონსტრუქციისთვის, როგორც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური პარტნიორობის ნაწილი.
მემორანდუმი აღიარებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვანი ფინანსური და მატერიალური დახმარება გაუწია უკრაინას 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
დოკუმენტში ასევე აღიარებულია ის წვლილი, რომელიც უკრაინამ შეიტანა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში მსოფლიოში სიდიდით მესამე ბირთვული არსენალის დათმობით.
მემორანდუმში ნათქვამია, რომ ამერიკელ ხალხს სურს ინვესტირება მოახდინოს თავისუფალ, სუვერენულ და უსაფრთხო უკრაინაში და რომ კიევი და ვაშინგტონი ეძიებენ გრძელვადიან მშვიდობას უკრაინაში.
მემორანდუმის თანახმად, უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი 2025 წლის 21 აპრილს ეწვევა ვაშინგტონს, რათა აშშ-ის ხაზინის მდივანს სკოტ ბესენტს შეხვდეს და უზრუნველყოს უმაღლეს დონეზე ტექნიკური დისკუსიები საინვესტიციო ხელშეკრულების პირობების დასასრულებლად. ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დასრულების თარიღად დასახელებულია 2025 წლის 26 აპრილი.
„ჩვენ გვაქვს წიაღისეულის შეთანხმება, რომელსაც, ვფიქრობ, ხელი მოეწერება ხუთშაბათს… მომავალ ხუთშაბათს. მალე. და ვფიქრობ, რომ ისინი შეასრულებენ შეთანხმებას. ჩვენ გვაქვს შეთანხმება ამაზე“, — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 აპრილს.
მემორანდუმი არის ნაბიჯი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებისკენ, რომელიც აშშ-ს უკრაინის კრიტიკულ მინერალებზე, ასევე ნავთობსა და გაზზე წვდომის საშუალებას მისცემს და უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდს შექმნის. მომავალი შეთანხმების დეტალებზე მხარეებს არ უსაუბრიათ და უცნობია, რა შეიცვალა წინა პროექტთან შედარებით.
კიევს სურდა, წიაღისეული შესახებ შეთანხმების ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა, აშშ კი აცხადებს, რომ მხოლოდ ამერიკელი ინვესტორების ყოფნა უკრაინაში უკვე უსაფრთხოების გარანტიაა. ტრამპი ამტკიცებს, რომ შეერთებულმა შტატებმა 500 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია უკრაინას და წიაღისეულის შესახებ შეთანხმებით ამ თანხის დაბრუნება სურს, ზელენსკი კი „ვალს“ არ აღიარებს.
