სამხედრო ტყვეების საკითხების საკოორდინაციო ცენტრმა, რომელსაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, გენერალი კირილო ბუდანოვი ხელმძღვანელობს, პარასკევს დაადასტურა, რომ რუსული მხარის მიერ ადრე გამოქვეყნებული 65 ადამიანის სია შეიცავს უკრაინის სამხედრო ტყვეების სახელებს.
სახელმწიფო ტელეკომპანია RT-ის მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა, გამოაქვეყნა უკრაინელი პატიმრების სია, რომლებიც, მისი მტკიცებით, თვითმფრფინავში იმყოფებოდნენ. იგივე სია გამოაქვეყნა, კერძოდ, უკრაინელმა ბლოგერმა (კიევში მას პრორუსულს უწოდებენ) ანატოლი შარიმ.
უკრაინული მედიისა და ოფიციალური პირების ნაწილი, განსაკუთრებით ვერხოვნა რადის ადამიანის უფლებათა კომისარი დიმიტრი ლუბინეცი, აცხადებდა, რომ გამოქვეყნებულ სიაში არიან პატიმრები, რომლებიც ადრე უკვე გაცვალეს. უკრაინის საკოორდინაციო საბჭოს შეტყობინებიდან გამომდინარეობს, რომ ეს ასე არ არის.
პარასკევს სამხედრო ტყვეების საკითხების საკოორდინაციო ცენტრში უკრაინელი პატიმრების ნათესავებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დროს პატიმრების ახლობლებს აჩვენეს ვიდეო მასალები, რომლებიც მანამდე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა. ისინი შეიცავს სავარაუდოდ, ილ-76 კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ცხედრების ფრაგმენტებს. საკოორდინაციო ცენტრის ანგარიშის თანახმად, ამ ფრაგმენტებით ახლობლებმა ცხედრების იდენტიფიცირება ვერ შეძლეს.
უკრაინელ და რუს სამხედრო ტყვეთა გაცვლა 24 იანვარს უნდა შემდგარიყო
მაგრამ გაცვლა არ შედგა. იმავე დღეს ბელგოროდის რეგიონში რუსული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 ჩამოვარდა. ავარიის შემდეგ რუსმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თვითმფრინავი, რომელშიც ეკიპაჟის წევრებისა და თანმხლები პირების გარდა 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა, უკრაინის მხარემ ჩამოაგდო. მოსკოვი აცხადებს, რომ თვითმფრინავში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, არც დაადასტურეს და არც უარყვეს რუსეთის თვითმფრინავის ჩამოვარდნისა და უკრაინელი პატიმრების ბედთან დაკავშირებით კრემლის მიერ გავრცელებული ვერსია. კიევი ავიაკატასტროფის საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს და ამ ეტაპზე ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ სამხედრო ტყვეთა გაცვლა მართლაც მზადდებოდა.
რუსეთის ბრალდებებთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსები ეთამაშებიან უკრაინელი ტყვეების სიცოცხლეს, მათი ნათესავების გრძნობებს და უკრაინის საზოგადოების ემოციებს.
პარასკევს საავიაციო კატასტროფაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კომენტარი გააკეთა. მისი მტკიცებით, თვითმფრინავი, რომელშიც ტყვეები იმყოფებოდნენ, შემთხვევით თუ განზრახ, უკრაინამ ჩამოაგდო. პუტინმა განაცხადა, რომ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს გამოძიების შედეგების გასაჯაროება მოუწევს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი გამოძიებას ტერაქტის მუხლით აწარმოებს.