უკრაინამ შეერთებულ შტატებს იმ იარაღის სია გადასცა, რომელიც მას რუსულ ძალებთან საბრძოლველად ესაჭიროება.
Reuters-ის ინფორმაციით, სია მოიცავს დახვეწილ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, F-18 Hornet-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, დრონებს, Apache-სა და Blackhawk-ის ვერტმფრენებს.
„იარაღების სია უკრაინის თავდაცვის ძალების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ვაშინგტონში, კონფერენციის დახურულ კარს მიღმა გამართულ სხდომაზე წარადგინეს.
სია ასევე მოიცავდა იმ იარაღს, რომელიც უკრაინას უკვე აქვს მარაგში, მათ შორის Abrams-ის ტანკებსა და 155 მილიმეტრიან არტილერიას, ასევე F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, დრონებსა და ATACMS-ის რაკეტებს.
გარდა ამისა, კიევი ვაშინგტონს სთხოვს C-17 Globemaster-ისა და C-130 Super Hercules-ის სატრანსპორტო თვითმფრინავებს, MQ-9B Sky Guardian თვითმფრინავებს და THAAD-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას.