რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი აქვეყნებს სტატიას, სადაც ბლოკის გაფართოებისთვის ამ კვირაში ევროკავშირში მიმდინარე პროცესების მნიშვნელობაზე წერს. ის სტატიაში საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ პროცესი შესაძლოა უკრაინის ევროინტეგრაციისთვის დაბრკოლების შექმნით უნგრეთმა შეაფერხოს.
“წევრობის მსურველთა შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად ერთსულოვნებაა საჭირო და, ჩემი დასკვნა, ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან და სხვადასხვა ევროპული ქვეყნის დიპლომატებთან საუბრის შემდეგ, ისაა, რომ ყველასთვის მისაღებია თბილისისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა და მოლდოვას წინსვლა, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებით. მაგრამ ევროკავშირში ამ ქვეყნების სტატუსები შესაძლოა რისკის ქვეშ აღმოჩნდეს, თუ უკრაინის შესახებ დებატებში ისინი “თანმდევი ზიანი” გახდებიან. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობას – ყოველ შემთხვევაში საჯაროდ – სურს, რომ უკრაინამაც დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები. ძირითადი გამონაკლისი უნგრეთია. საკითხის კიდევ უფრო გართულებისთვის ესტონეთის, ლიტვისა და ლატვიის ბალტიისპირა ტრიოდან სამივემ საპასუხოდ თქვა, რომ თუ უკრაინა ჩაფლავდება, ყველა ჩაფლავდება”. – წერს იოზვიაკი.
როგორც რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელში 11 და 12 დეკემბერსაც მაღალი რანგის შეხვედრები იმართება, სავარაუდოდ, ძირითად გადაწყვეტილებებს 14-15 დეკემბერს გასამართ წინასაშობაო სამიტამდე არ მიიღებენ. ამასთან, ჟურნალისტი წერს, რომ შეხვედრების დღის წესრიგი იმდენად გადატვირთულია, რომ სამიტი, დიდი ალბათობით, შაბათ-კვირასაც გაგრძელდება.
იოზიაკის თქმით, მოლდოვასთან, უკრაინასთან და, სავარაუდოდ, ბოსნია-ჰერცოგოვინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებაით ბლოკის გაფართოებასთან ერთად, სამიტზე განსახილველი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა უკრაინის დახმარება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მომდევნო პაკეტის შემუშავებაა. როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, მთავარი დაბრკოლება აქაც უნგრეთი და მისი პრემიერი ორბანია.
აღსანიშნავია, რომ იოზვიაკის აზრით, ევროკავშირის დანარჩენმა წევრებმა გადაწყვეტილებებზე უნგრეთის დაყოლიება შესაძლოა ფინანსური დახმარების მიწოდების სანაცვლოდ შეძლონ. მისი თქმით, ევროკომისიას სამიტამდეც კი შეუძლია ბუდაპეშტისთვის 10-დან 13 მილიარდ ევრომდე სახსრების მიწოდების დამტკიცება. ეს თანხა აქამდე ბრიუსელმა უნგრეთში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო დაბლოკა.