ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ აგვისტოში დაგეგმილი თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების არაოფიციალური შეხვედრა არა EU-ის თავმჯდომარე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, არამედ ბრიუსელში გაიმართება.
ეს განცხადება მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა. ჯოზეფ ბორელის თანახმად, ამის მიზეზი უკრაინასთან დაკავშირებით უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის პოზიციაა.
“მე მივხვდი, რომ ჩვენ უნდა გავგზავნოთ სიგნალი, თუნდაც სიმბოლური, რომ თუ შენ მიდიხარ ევროკავშირის საბაზისო პოლიტიკის წინააღმდეგ და უარყოფ ევროკავშირის პოლიტიკას, უწოდებ მას ომის მონაწილეს, ამას უნდა მოჰყვეს გარკვეული შედეგები, თუნდაც ეს იყოს ფორმალური, სიმბოლური შედეგები. არაფერი განსაკუთრებული არ იქნება. თუმცა მე ვფიქრობ, რომ მიზანშეწონილია ამ დამოკიდებულების დემონსტრირება და საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შემდეგი შეხვედრის ჩატარება ბრიუსელში”, – თქვა ჯოზეფ ბორელმა.
ევროკავშირის წესდების თანახმად, არაოფიციალური შეხვედრა იმართება იმ ქვეყანაში, რომელიც როტაციის წესით თავმჯდომარეობას იკავებს.
უნგრეთი ივლისში ექვსი თვით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე როტაციის წესით გახდა. ამის შემდეგ პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი, მის მიერ გამოცხადებული “სამშვიდობო მისიის” ფარგლებში, ჯერ კიევში შემდეგ კი მოსკოვში, პეკინსა და ვაშინგტონში იმყოფებოდა და ავტორიზაციის გარეშე ამბობდა, რომ ევროკავშირს წარმოადგენდა.
ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ, სადაც ის დონალდ ტრამპსაც შეხვდა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის 27 ქვეყანას წერილი მისწერა, სადაც ამბობდა, რომ რესპუბლიკელების კანდიდატი დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მზადაა, “დაუყოვნებლივ” იმოქმედოს, როგორც “მშვიდობის შუამავალმა” უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე ომში.
ამასთან, გამოცემა Bild წერდა, რომ შარლ მიშელს წერილში ვიქტორ ორბანმა ევროკავშირს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდა. ასევე, წერილში ის ჩინეთთან მოლაპარაკებების დაწყებაზეც ამახვილებდა ყურადღებას.