ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გამონათქვამს ისრაელსა და ჰამასს შორის კატარის საშუამავლო როლის შესახებ, კატარში უკმაყოფილება მოჰყვა.
ისრაელის Channel 12-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში, რომელზეც მძევლების ახლობლებთან შეხვედრაა ასახული, ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს: „ჩემი აზრით, პრინციპში, კატარი გაეროსგან არ განსხვავდება. ის არ განსხვავდება ‘წითელი ჯვრისგანაც’ და გარკვეულად უფრო პრობლემატურიც არის“.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მაჯიდ ალ-ანსარიმ X-ით განაცხადა, რომ “მისი მთავრობა ‘აღშფოთებულია’ ნეთანიაჰუს განცხადებით, რომელიც გავრცელდა. ის არის უპასუხისმგებლო და დესტრუქციული“.
კატარი შუამავლობს ისრაელსა და ჰამასს, ასევე სხვა მონაწილეებს შორის ჰუმანიტარული დახმარების, ამისათვის ცეცხლის ხანმოკლე შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებებში. (ჰამასი ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებადაა აღიარებული.)
ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ომი დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს დაჯგუფებამ ისრაელის ქალაქებზე იერიში მიიტანა. კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 25 000-ზე მეტი ადამიანი. 2023 წლის ნოემბერში მიღწეული ერთკვირიანი ზავისას გათავისუფლდა ღაზის სექტორში მძევლად მყოფი 100-ზე მეტი ადამიანი. ისრაელის საპატიმროებიდან სანაცვლოდ გაათავისუფლეს 240-მდე პალესტინელი.