„უკვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წელს ხორბლის ნაკლები მოსავალი გვექნება“ – ნიკოლოზ ბენიაიძე მიზეზებზე საუბრობს

„რამდენიმე დღეა რაც ფერმერებმა მოსავლის აღება დაიწყეს, უკვე შეგვიძლია ვივარაუდოთ,რომ წელს ნაკლები მოსავალი გვექნება“ – ამის შესახებ „კომერსანტთან“ მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ბენიაიძემ განაცხადა, მისივე თქმით წელს ხორბალი ნაკლებ ფართობზე დაითესა, რადგან ზოგმა ფერმერმა მოვლა ვეღარ შეძლო, ზოგი სხვა კულტურაზე გადავიდა.
„მოგეხსენებათ შარშან ფასის გამო ფერმერებს გაუჭირდათ და სხვა კულტურებზე გადასვლა მოუწიათ, ზოგმა კიდე დათესვა ვეღარ შეძლო, რაც შეეხება ფასებს, საუბარია რომ ქართული ხორბლის ფასი აიწევს იმიტომ, რომ რუსეთში რაღაც ფართობები მოიყინა, ზოგ რეგიონებში გვალვაა. ასეთი წინასწარი პროგნოზია, თუმცა რა და როგორ იქნება არ ვიცით. პური არ გაიაფებულა, მაგრამ მარცვლეული იაფია, თვითღირებულებაში ვერ ვყიდით, ამიტომ საჭიროა რომ ამ სექტორს მიეხედოს, იმიტომ რომ ფერმერებს ორი წლის ვალები აქვთ, ზოგს კომბაინის, ზოგს ბანკის ვალდებულება აქვს, ზოგს საწყობის, ასეთი მდგომარეობაა სექტორში და ველოდებით, რომ თვითღირებულებაში გაიყიდოს“ – აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძემ.
ნიკოლოზ ბენიაიძემ ასევე აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად შეიქმნა ხორბლის შტაბი, რომელსაც ჯერ ფუნქციონირება არ დაუწყია. ბენიაიძის თქმით იგეგმება, რომ გაკეთდეს რეესტრი, სადაც გამოჩნდება თუ რომელი ფერმერი რა ფასში ყიდის, რომელი ფერმერისგან რომელი წისქვილი იბარებს ხორბალს და რომელი პურის ქარხნებს აწვდიან შემდეგ ფქვილს.
„რეესტრი მოგვცემს საშუალებას, რომ ხელის გულზე დავინახოთ თუ სად არის პრობლემა. რაც შეეხება ხარისხს წელს უკეთესი ხარისხის მოსავალი გვექნება, რადგან კარგი გაზაფხული იყო. მართალია რეგიონებში სეტყვა იყო და მცირე ზიანი არის, მაგრამ ხორბლის ნორმალურ მოსავალს ველოდებით. მოსავლის აღების აქტიური პერიოდი ერთი თვეა.“ – აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიაძემ.