უკვე რამდენიმე წელია ხდება ჯანდაცვის კერძო სექტორის დადანაშაულება და დემონიზირება – ანდრია ურუშაძე

როგორ უნდა განვითარდეს ურთიერთობა ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის კერძო სექტორს შორის. ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ანდრია ურუშაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა.
ანდრია ურუშაძემ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ცვლილებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სისტემაში უნდა არსებობდეს ხედვა და ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მხოლოდ ერთ ადამიანზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.
სახელმწიფო დაწესებულებების მართვის მახინჯი მოდელია, როცა თვითონ საავადმყოფოს დირექტორს 5 დირექტორი ჰყავს. არ ვამატებ, როცა ხუთს ვამბობ, რადგან მათი დირექტორია: ჰოლდინგის დირექტორი, ჯანდაცვაში მაღალჩინოსანი, ფინანსთა სამინისტრო,ეკონომიკის სამინისტროც და საბოლოოდ, თუ ჩვენი სექტორის განვითარება გვინდა, მით უმეტეს სახელმწიფო საავადმყოფოების, ისეთი მოდელი უნდა შევარჩიოთ, როდესაც იქ დირექტორს, მის მოადგილეს, პასუხისმგებელ პირებს ექნებათ არა მარტო პასუხისმგებლობა და ვალდებულება, არამედ უფლებები, რომ გეგმა შეათანხმონ/წარმოადგინონ, რომ მერე ეს გეგმა განხილვის შედეგი იყოს. ხომ შეიძლება მანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ხელმოწერილ დოკუმენტს ვნახავთ, მანამდე იმსჯელონ ამაზე, თანამშრომლების და თუნდაც იმ ადამიანების ჩართულობით, ვისაც საწინააღმდეგო აზრი შეიძლება ჰქონდეს, – რატომ გვეზიზღება საწინააღმდეგო აზრი. ეს პირიქით, დაგვეხმარება რომ გავაუმჯობესოთ რეგულაციები, დოკუმენტები, ხედვები, გეგმები.“- განაცხადა ანდრია ურუშაძემ.