“უკვე დაგვიკავშირდა ქართული სარესტორნო ქსელი” – Sakura Properties-ი კლიენტებს დუბაიში ინვესტირებას სთავაზობს

უძრავი ქონების კომპანია Sakura Properties-ი კლიენტებს დუბაის უძრავ ქონებაში ინვესტირებას სთავაზობს.
„უკვე დაგვიკავშირდა ძალიან დიდი ქართული სარესტორნო ქსელი და გვითხრა, რომ დუბაიში ეძებს 2000 კვ/მეტრს, რათა პრემიულ ლოკაციაზე რესტორანი გახსნას“ – განაცხადა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ Sakura Properties-ის დამფუძნებელმა ვიქტორია საკუროვამ.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში თავად იყო ჩასული დუბაიში, სადაც Sakura Properties-მა მემორანდუმი გააფორმა უძრავი ქონების სააგენტო Kalaani Realtors-თან.
„Kalaani Realtors-ის დამფუძნებელი [დღეს] საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა, რათა ჩვენი ბაზარიც უკეთ გაიცნოს.
რაც შეეხება მემორანდუმის მიზანს, გვსურს ინვესტორებს, მათ შორის ქართველებს, შევუქმნათ ალტერნატიული საინვესტიციო ადგილი, სადაც აღელვების გარეშე, შეძლებენ $200 000-დან ზევით უსაფრთხოდ და კარგი პირობებით ინვესტირებას უძრავი ქონების სექტორში.
მოგეხსენებათ, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, კლიენტების ნაწილისთვის ადგილობრივი უძრავი ქონების ბაზარზე ინვესტირება უსაფრთხო აღარ იყო, ამიტომ გვინდოდა, მათთვის ალტერნატივა შეგვეთავაზებინა.
Sakura Properties-ს კავშირები აქვს პორტუგალიურ და ესპანურ საბროკერო კომპანიებთანაც, მაგრამ ამ ეტაპზე ჩავთვალეთ, რომ ცნობადობის და ბიუჯეტის გათვალისწინებით, დუბაის ბაზარი ყველაზე საინტერესო იქნებოდა – ყველაზე უსაფრთხო ქალაქი, სადაც უძრავი ქონების ფასი სულ იზრდება“, – განაცხადა ვიქტორია საკუროვამ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ ერთი თვეა, რაც „Kalaani Realtors-თან მემორანდუმი გააფორმეს, Sakura Properties-ში დუბაიში უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულები უკვე რეკავენ.
„გვირეკავენ როგორც ფიზიკური პირები, ისე – ბიზნესები. როგორც უკვე აღვნიშნე, ერთ-ერთი დიდი ქართული სარესტორნო ქსელი დაგვიკავშირდა. ბიზნესებს ძირითადად, გაფართოების მიზნით აინტერესებს დუბაის ბაზარი, მცირე და საშუალო ზომის ინვესტორებს/ფიზიკურ პირებს კი სურთ, უსაფრთხო გარემოში ინვესტირება“, – აღნიშნა საკუროვამ და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დუბაის უძრავ ქონებაში ინვესტირების ერთ-ერთ მთავარი ფაქტორი უსაფრთხოებაა.
„დუბაიში, საცხოვრებელ უძრავ ქონებაში კვადრატულის ფასი 4000 დოლარიდან იწყება; ასეთ ფასში თბილისშიც ღირს ქონება, მაგრამ არა – ფასი, არამედ უსაფრთხოებაა მთავარი. იმედია, საქართველოზეც იმავეს ვიტყვი წლის ბოლოსკენ ან მომავალ წელს მაინც“, – აცხადებს უძრავი ქონების კომპანიის მფლობელი.