„უკვე გავეცით ლიცენზია „მესტიაჭალა ჰესზე“ და ველოდებით მომართვას „ხობი ჰესის“ ლიცენზიისთვის“ – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ „კომერსანტის“ საახალწლო ეთერში საქართველოში ახალი ჰიდროელექტროსადგურების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რამდენიმე მცირე და საშუალო სიმძლავრის ჰესის პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
მისივე თქმით, საქართველოში 2023 წელს რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურმა ჭარბი ენერგიის გაყიდვიდან სოლიდური შემოსავალი მიიღო.
„მექანიზმები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ისე იქნა დალაგებული რომ სიჭარბის შემთხვევაში წყალი ქვეყანაში არ დაღვრილა და ექსპორტზე იქნა გატანილი.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ როგორც ჰიდროენერგიაზე დაფუძნებულ ქვეყანას ჭარბი ენერგია გვიჩნდება გაზაფხულზე,როცა თოვლი იწყებს დნობას და ინტენსიური ნალექია. ასეთ დროს ეტაპობრივად ივსება რეზერუარები.
არის ასევე სადგურები მოდინებაზე და წამოსული წყალი აუცილებლად ენერგიად უნდა გარდაიქმნეს. ამიტომ მიზანი არის ის, რომ მარეგულირებელმა ჰესებმა დააგროვონ წყალ და მოდინებაზე მომუშავე ჰესებმა გამოიმუშაონ ენერგია. ჭარბი ენერგიიდან რამდენიმე ელექტროსადგურმა საკმაოდ კარგი შემოსავალი მიიღო. ამავდროულად ქვეყანაში შემოვიდა ვალუტა, რაც ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დავით ნარმანია.
სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ელექტროენერგიის გამომუშავების ზრდის პოტენციალი აქვს, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოს, ხოლო „შავი ზღვის კაბელების“ პროექტის განხორციელების შემდეგ, ჭარბი ენერგიის ევროპის ქვეყნებში გაყიდვის შესაძლებლობა გაჩნდება.
„ახალი ჰესების მშენებლობა საჭიროა ერთი მხრივ იმისთვის, რომ ჩვენ დეფიციტურ თვეებში უზრუნველყოფილი ვიყოთ და მეორე მხრივ ჭარბის ენერგიის გაყიდვის შესაძლებლობა ყოველთვის არის რეგიონში. ხოლო, როცა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელები გაკეთდება, ამ ენერგიის პირდაპირ ევროპაში გატანის შესაძლებლობა იქნება.
არის უკვე რამდენიმე მიმდინარე მშენებარე პროექტი, რომლებიც ეს ესაა დასრულდა ან დასრულების ეტაპზეა. ჩვენ უკვე გავეცით ლიცენზია „მესტიაჭალა ჰესზე“, რომელიც რეაბილიტირდა და არის 20 მგვტ სიმძლავრით. ასევე მალე მოგვმართავენ „ხობი ჰესის“ ლიცენზიის მისაღებად, რომელიც 50 მგვტ სიმძლავრისაა“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
მისი განმარტებით, 2023 წელს ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული კომპანიების რიცხვი და დადგმული სიმძლავრეების ოდენობა უპრეცედენტოდ მაღალი იყო. კერძოდ, ჯამში ამ სისტემაში დადგმული სიმძლავრეების რიცხვმა 60 მგვტ-ს გადააჭარბა, საიდანაც 2023 წლის მაჩვენებელი 25 მგვტ იყო. 2024 წელს კი ეს მაჩვენებელი კიდევ მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ასევე დაგაინტერესებთ

„მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით“