დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ ზელენსკის თეთრ სახლში თებერვლის ბოლოს გამართულმა შეხვედრამ ბევრი იმით გააოცა, რომ ორივე პრეზიდენტი მაღალ ტონში საუბრობდა. ვინაიდან მაშინ ზელენსკიმ თეთრი სახლი ნაადრევად დატოვა, სასარგებლო წიაღისეულის საკითხზე შეთანხმება არ გაფორმებულა. ამ ამბიდან მალევე, პრორუსულმა არხები გაავრცელეს ინფორმაციას, რომ ამაში უკრაინაა დამნაშავე, რადგან თავისი წიაღისეული მან უკვე დიდ ბრიტანეთს გადასცა.
„ზელენსკი ტრამპთან იშვიათი მინერალების შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად მივიდა, მაგრამ მისი ხელმოწერა ვერ შეძლო, რადგან ყველაფერი უკვე ბრიტანელი გლობალისტებისთვის ჰქონდა გადაცემული“.
ლატვიაში არაერთი მსგავსი ისტორია ვრცელდება. ამ შემთხვევაში, საქმე ეხება უკრაინასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის მიმდინარე წლის დასაწყისში ხელმოწერილ დოკუმენტს, რომელიც ორ ქვეყანას შორის 100-წლიან თანამშრომლობას ითვალისწინებს. შეთანხმების თანახმად, გაერთიანებული სამეფო მომდევნო წლებში უკრაინას მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას გაუწევს, რომლის ოდენობა წელიწადში 3 მილიარდი გირვანქა სტერლინგი იქნება.
ორი ქვეყანა იღებს ვალდებულებას, ითანამშრომლოს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის – ენერგეტიკის სექტორსა და სასარგებლო წიაღისეულის სტრატეგიის განვითარებაში. შეთანხმებაში ნათქვამია, რომ მხარეები „ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის გზით, უკრაინის ბუნებრივი რესურსებიდან მაქსიმალური სარგებლის მიღების მიზნით ითანამშრომლენენ“.
თუმცა, ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ უკრაინის წიაღისეულს გაერთიანებული სამეფო მოიპოვებს ან გააკონტროლებს. ამასთან, ორივე მხარეს შეუძლია, გაწყვიტოს შეთანხმება ნებისმიერ დროს, მეორე მხარისთვის ექვსი თვით ადრე შეტყობინების გზით.
ლატვიაში პოპულარული კიდევ ერთი ვიდეო-რგოლი კი ირწმუნება, რომ ევროკავშირი იშლება და ევროგაერთიანების დატოვების შესახებ გერმანელი პოლიტიკოსები უკვე ღიად საუბრობენ:
„პოლიტიკოსები უკვე ღიად აცხადებენ, რომ ევროკავშირი ანადგურებს მათ ეკონომიკას, მთელ სახსრებს გაკოტრებულების შენახვაზე ხარჯავს და ქვეყნებს დამოუკიდებლობას ართმევს“.
თუმცა, არ არსებობს საფუძველი იმაზე საუბრისთვის, რომ გერმანია ევროკავშირის დატოვებას აპირებს. ევროკავშირიდან გასვლაზე, ძირითადად, ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AFD წარმომადგენლები საუბრობდნენ, მაგრამ ისინი გერმანიის ახალ სამთავრობო კოალიციაში არ იქნებიან.
საქმე უფრო პირიქით არის – გერმანიის მომავალი კანცლერი, „ქრისტიან-დემოკრატი“ ფრიდრიხ მერცი ევროპის გაძლიერებისა და აშშ-სგან მეტი დამოუკიდებლობის საჭიროებაზე აკეთებს აქცენტს. გარდა ამისა, ევროკავშირის წევრობას გერმანელების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს.
წყარო: 1 არხი
