„უკვემ“ მენიუში პირველი დესერტი – ფელამოჩი დაამატა

აზიური კერძების რესტორანმა „უკვე“-მ მენიუში პირველი დესერტი – ფელამოჩი დაამატა. მომხმარებლებს ახალი პროდუქტის დაგემოვნება რესტორნის ფიზიკურ ფილიალში 13 ივნისიდან შეუძლიათ, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს.
რესტორანმა მენიუში ეს დესერტი „კუსა ფუდ ბოლსთან“ თანამშრომლობით შეიტანა, რომელიც ფელამოჩის რამდენიმე თვეა აწარმოებს.
„ფელამოჩი არის ქართული და იაპონური დესერტების კულტურის გაერთიანების შედეგი, რომელიც დამზადებულია ფელამუშისგან და ნაყინისგან – მოჩისგან.
მისი დაგემოვნება ჩვენს ფილიალში მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ. ძალიან მალე, მომავალი კვირიდან, მას დავამატებთ მიტანის სერვისში და მსურველები ონლაინ შეკვეთასაც შეძლებენ“, – აღნიშნა „კომერსანტთან“ „უკვე“-ს დირექტორმა თათა კაპანაძემ.
ფელამოჩი „უკვეში“ ცალობით გაიყიდება და თითოეულის შეძენა 6 ლარად იქნება შესაძლებელი. კომპანია ასევე ფიქრობს, რომ მოთხოვნიდან გამომდინარე, ფელამოჩის 6-ცალიან შეკვრებსაც გაყიდის.
ფელამოჩს ამ ეტაპზე 2 გემო აქვს, რქაწილეთი და საფერავი. მწარმოებელი გეგმავს რომ მომავალში ფელამოჩში ახალი არომატები დაამატოს.