უკანონო შრომითი მიგრაციის ციფრი საკმაოდ საგანგაშოა. შრომითი საქმიანობის ნებართვა უნდა შემოვიღოთ – გიორგი ცაგარეიშვილი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ საქართველოში უკანონო შრომითი მიგრაცია სერიოზული გამოწვევაა და მასთან საბრძოლველად “გაბედულ ნაბიჯებს” აანონსებს.
ცაგარეიშვილის თქმით, ბაზებში ლეგალურად აღრიცხულია 40 000-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუმცა რეალურად ქვეყანაში ბევრად მეტი უცხოელია, რომელიც არალეგალურად მუშაობს.
მან საკითხზე ერთპარტიული პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ -ს მიერ მომზადებულ კანონპროექტში დამატებით ცვლილებები შევა. გიორგი ცაგარეიშვილი ერთ-ერთ გამოსავლად შრომითი საქმიანობის ნებართვის შემოღებას ასახელებს, რაც მისივე თქმით, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისია.
“ჩვენთვის ერთ-ერთი საკმაოდ მტკივნეული პრობლემა გახლავთ შრომითი მიგრაციის რეგულირება ქვეყანაში. პირველ რიგში, უკანონო შრომით მიგრაციას ვგულისხმობ. ჩვენთან, ელექტრონულ ბაზებში ლეგალურად აღრიცხულია 40 000-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც დაარეგისტრირა და წარმოადგინა სამინისტროს შესაბამის სამსახურში დამსაქმებელმა. მაგრამ გამოწვევად რჩება უკანონო შრომითი მიგრაცია. მგონი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ უამრავი უცხოელია საქართველოში შემოსული, რომელიც შრომითი საქმიანობით არის ხოლმე დაკავებული ჩვენს ქვეყანაში. უკანონო შრომითი მიგრაციის ციფრი საკმაოდ საგანგაშოა. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ შსს-ს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა გარკვეულწილად პასუხობს ამ გამოწვევას.
ჩვენც ვართ ჩართული ამ ინიციატივის შემდგომ განვითარებაში, რამდენიმე შეხვედრა გვქონდა, მიმდინარეობს კანონპროექტის გადამუშავება. გვინდა, რომ მეორე მოსმენით თქვენს წინაშე რამდენიმე ცვლილება წარმოვადგინოთ. გვინდა რამდენიმე საკმაოდ გაბედული და პროგრესული ნაბიჯი გადავდგათ. ჩვენი აზრით, შემოღებული უნდა იყოს შრომითი საქმიანობის ნებართვა საქართველოში, როგორც ყველგან, ევროკავშირის მთელს სივრცეში არის აღნიშნული ნებართვა, ადამიანები ლეგალურად უნდა საქმდებოდნენ საქართველოში, უნდა იხდიდნენ გადასახადებს და საფრთხეს არ უნდა უქმნიდნენ ღია შრომით ბაზარს. კონკურენცია მოსაწონია, ოღონდ ეს უნდა იყოს ლეგალური კონკურენცია და შესაბამისად, სახელმწიფოს მკაცრ კონტროლს დაქვემდებარებული. ველური შრომის ბაზარი, ყოველგვარი სტანდარტების და წესების გარეშე, ძალიან ცუდის მომტანია საქართველოსთვის, მისი ეკონომიკისთვის და რაც მთავარია, ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და იქნება ხელშესახები შედეგები”,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, ქვეყნების ხუთეული რეგისტრირებული, ანუ ლეგალური იმიგრანტების მოქალაქეობის მიხედვით შემდეგია: ს ფედერაცია, ბელარუსი, თურქეთი, ინდოეთი, თურქმენეთი. 2025 წლის პირველი იანვრიდან 10 აპრილის მდგომარეობით, პირველ ადგილზე ინდოეთია, შემდეგ რუსეთი, თურქეთი, თურქმენეთი და ბელარუსი.
ვრცლად: bm.ge