უკანონო მიგრანტის გამოსავლენად შსს-ს უცხოელის საცხოვრებლის და სამუშაო ადგილის შემოწმება შეეძლება

უკანონო მიგრანტის გამოვლენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს უცხოელის საცხოვრებლის და სამუშაო ადგილის შემოწმების უფლება ექნება.
ამის შესახებ „ქართულ ოცნებას“ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შეაქვს.
ცვლილებების მიხედვით, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის ან/და უცხოელის საცხოვრებელი ადგილის გადამოწმების ან უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის მოძიების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილი იქნება შეამოწმოს უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილი ან შევიდეს სხვაგვარ კერძო საკუთრებაში მოსამართლის ბრძანების საფუძველზე.
იმ შემთხვევაში, თუ იქნება კერძო საკუთრების თანამესაკუთრის ან თანამფლობელის ან სამუშაო ადგილის დამსაქმებლის თანხმობა, მაშინ აღნიშნული შემოწმების ჩატარება შესაძლებელი იქნება მოსამართლის ბრძანების გარეშე.
„საგულისხმოა, რომ განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს უკანონო მიგრანტის აღმოჩენა და მისი იდენტიფიცირება, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს სამართლებრივი რეაგირების ეფექტიანობას. ხაზგასასმელია, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ არეგულირებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილებას იმ შემთხვევებში, როდესაც საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის მიზნით აუცილებელია, მათ შორის, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება….
ამასთან, იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა და დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს უცხოელის მიმალვა ან უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის განადგურება ან გადამალვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილი იქნება დაიწყოს საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება და 24 საათის განმავლობაში შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს.
შუამდგომლობის წარდგენისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, თუ რაში მდგომარეობდა შემოწმების გადაუდებელი აუცილებლობა. გარდა ამისა, უცხოელის საცხოვრებელი ან/და სამუშაო ადგილის შემოწმების დროს პოლიცია უფლებამოსილი იქნება განახორციელოს პირის გამოკითხვა, იდენტიფიკაცია, ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა პრევენციული და იძულების ღონისძიებები. ამასთან, უცხოელის სამუშაო ადგილის შემოწმებისას პოლიციელს შეეძლება დამსაქმებლისგან მოითხოვოს იმ დოკუმენტების დათვალიერება, რომლებიც ადასტურებენ უცხოელის საქართველოში მუშაობის კანონიერ საფუძველ.“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.