უკანონო იძულებითი შრომით მიღებული შემოსავალი წელიწადში $236 მილიარდამდე გაიზარდა – ILO

ადამიანებით მოვაჭრეები და კრიმინალები ყოველწლიურად სულ უფრო მეტ შემოსავალს იღებენ იძულებითი შრომის გამოყენებით. ამის შესახებ euronews-ი წერს.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) (International Labour Organization – ILO)მიერ სამშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშის თანახმად, კერძო სექტორში იძულებითი შრომით მიღებული უკანონო მოგება გლობალურად 37%-ით გაიზარდა 2014 წლიდან და მიაღწია 236 მილიარდ დოლარს წელიწადში.
„2022 წელს გამოქვეყნებული გლობალური შეფასებები სავალალო იყო: 28 მილიონი ადამიანი ექვემდებარებოდა იძულებით შრომას, მათგან 12 მილიონი ქალი და გოგონა და 3 მილიონზე მეტი ბავშვი“, – განაცხადა ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში ვალდის დომბროვსკისმა. „დღეს გავიგეთ, რომ ეს კვლავ მომგებიანი ბიზნესია“
„ეს არის ისეთი ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის ეკვივალენტი, როგორიცაა ლატვია ან ხორვატია,“ – განმარტავს მანუელა ტომეი, შსო-ის სამუშაო პირობებისა და თანასწორობის დეპარტამენტის დირექტორი.
„ეს აჭარბებს გიგანტური ტექნოლოგიური კომპანიების შემოსავალსაც, როგორიცაა Microsoft ან Samsung. განსაცვიფრებელი რიცხვების მიღმა ადამიანთა ტანჯვა იმალება. არიან ადამიანები, რომლებიც ძალადობის ციკლში არიან მოხვედრილი, ექვემდებარებიან სხვადასხვა სახის იძულებას, რაც შეუძლებელს ხდის მათ გათავისუფლებას იმ საქმისგან, რომელსაც თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ აკეთებენ.
იძულებითი შრომიდან მიღებული ყველაზე მაღალი წლიური არალეგალური მოგება მოდის ევროპასა და ცენტრალურ აზიის ქვეყნებზე.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთლიანი უკანონო შემოსავლის 73% მოდის იძულებით სექსუალურ ექსპლუატაციაზე. მრეწველობა იძულებითი შრომით 35 მილიარდი დოლარის მოგებას გამოიმუშავებს. მას მოსდევს მომსახურების სფერო (20,8 მილიარდი) და სოფლის მეურნეობა (5 მილიარდი).
ექსპერტების შეფასებით, 2021 წელს ყოველდღიურად 27,6 მილიონი ადამიანი იყო დაკავებული იძულებით შრომაში. 2016-დან 2021 წლამდე მათი რიცხვი 10%-ით გაიზარდა.