9 ივლისს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელების მიერ უკანონოდ დაკავებული მოქალაქე, ლუკა კინწურაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, კობა ჩაგუნავამ ნაწილობრივ გაამართლა.
როგორც ტაბულას კინწურაშვილის ადვოკატმა, მარიამ პატარიძემ უთხრა, მოსამართლემ დაადგინა, რომ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ადგილი არ ჰქონია, თუმცა, ჩაგუნავამ კინწურაშვილს სიტყვიერი შენიშვნა მისცა დაკავების პროცესში ერთ-ერთი პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.
“ოქმი შედგენილი იყო 173-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ნიშნავს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და მეორე საფუძველიც არის ამავე მუხლში, ეს არის პოლიციის თანამშრომლის სიტყვიერი შეურაცხყოფა.
ლუკამ თავადვე დაადასტურა პროცესზე, რომ მას შემდეგ, რაც მუცლის არეში ერთ-ერთმა პოლიციის თანამშრომელმა უჩქმიტა, დომინანტური პოზიციის გამოხატვისა თუ მისი დაშინების მიზნით, მან ამ პოლიციელს “თავხედი” უწოდა. ამ ნაწილში მოსამართლემ დაადგინა აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, ოღონდ გაათავისუფლა პასუხისმგებლობისგან და სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.
რაც შეეხება ამავე მუხლის შემადგენელ მეორე ნაწილს, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ამ ნაწილში გაამართლა, არ ცნო სამართალდამრღვევად ლუკა კინწურაშვილი და განმარტებაც გააკეთა თუ რატომ არ ჰქონდა ამ ქმედებას ადგილი. საქმე ეხება პირის იდენტიფიცირებისთვის პირადობის მოთხოვნის ფაქტს. მას შემდეგ, რაც ლუკასთვის იდენტიფიცირებადი გახდა, რომ მასთან კომუნიკაცია ჰქონდათ სამართალდამცველებს, მან მიაწოდა ერთ-ერთ პოლიციელს პირადობის მოწმობა, შესაბამისად, იდენტიფიცირების მიზნით პირადობის მოწმობის წარდგენაზე უარის თქმას ადგილი არ ჰქონია და, შესაბამისად, კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ადგილი ვერ ექნებოდა”. – უთხრა პატარიძემ ტაბულას.
პროცესის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა თავად კინწურაშვილმა და თქვა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას ეთანხმება.
“პოლიციელები იტყუებოდნენ ამ ეტაპზეც, რომ თითქოს მე გადავადგილდებოდი, თითქოს, მე მათ არ წარვუდგინე აიდი ბარათი. ეს იყო სრული სიცრუე. […] დავუშვი შეცდომა, ავყევი ჩემს ნერვულ სისტემას და მეც მათსავით მოვიქეცი და გამოვიყენე არასასიამოვნო სიტყვა “თავხედი” მას შემდეგ რაც მუცელზე მომიჭირა ხელი. მოსამართლის გადაწყვეტილებას ვცემ პატივს და ვეთანხმები ყველაფერში”. – თქვა მან.
ლუკა კინწურაშვილმა მისი უკანონოდ დაკავების შესახებ Facebook-ზე პოსტი 17 ივლისს დაწერა. მოქალაქის ინფორმაციით, ის სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა 9 ივლისს დააკავეს, პოლიციის განყოფილებაში დამამცირებელი მოპყრობის შემდეგ კი გადაიყვანეს ე.წ. კაპეზეზე, რომელიც 11 ივლისს დატოვა.
