უკანონოდ გაცემული ძლიერმოქმედი ფსიქოტროპულები – რას აცხადებენ გორის კლინიკაში, სადაც სამედიცინო დაწესებულებასა და ექიმებს საქმიანობა აუკრძალეს

უპრეცედენტო რაოდენობით, უკანონოდ გაცემული ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტი და ათასობით პაციენტის საფრთხეში ჩაგდებული სიცოცხლე – სამ სამედიცინო დაწესებულებასა და ექიმებს საქმიანობა აუკრძალეს.
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, “შპს ამბულატორიული კლინიკის“ თბილისისა და გორის ფილიალის, ასევე შპს „ჯანმრთელობა ყველასთვის “ შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ დაწესებულებები, რეცეპტს, უკანონოდ ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევების გარეშე გასცემდნენ.
“ეს კონკრეტული დაწესებულებები ორიენტირებულები იყვნენ მხოლოდ ამ კონკრეტული ფსიქოტროპული საშუალებების გამოწერაზე, რაც ყოვლად მიუღებელია. შესაბამისად, ეს მძიმე დარღვევაა, ჩვენ სამივე ასეთი დაწესებულება განვიხილეთ პროფესიული საბჭოს ფორმატში, რის შემდეგაც მათ საერთოდ გაუუქმდათ სერტიფიკატები,” – აცხადებს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი ირაკლი მხეიძე.
გორის ამბულატორიული კლინიკის დირექტორი ჟუჟუნა წერეთელი აცხადებს, რომ არ არსებობს არანაირი დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ისინი უკანონოდ იქცეოდნენ.
ამასთან, როგორც ჟუჟუნა წერეთელი აცხადებს, ისინი გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ:
“რა არგუმენტები აქვთ, ან რომელი ბრძანების საფუძველზე გვეკრძალება ხომ უნდა გვითხრან. თუ იკრძალება არ დავწერ. ექიმმა დიაგნოზები ამოიღო და არანაირი შეცდომა არ მოსვლია. ჩვენ ვასაჩივრებთ მათ გადაწყვეტილებას,” – აცხადებს გორის ამბულატორიული კლინიკის დირექტორი ჟუჟუნა წერეთელი.