რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა ამერიკის არჩეულ პრეზიდენტთან შეხვედრის ფოტო სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა და დაწერა, რომ დონალდ ტრამპს “[ბიძინა] ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან თავისუფლებაზე თავდასხმის შესახებ” მოუყვა.
“მოხარული ვარ, რომ შევხვდი დონალდ ტრამპს. მე მას მოვუყევი ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან თავისუფლებაზე თავდასხმაზე და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და ირანის რეჟიმთან კორუფციული ურთიერთობების შესახებ, რომელიც მის [ტრამპის] მკვლელობას გეგმავდა. მე, ასევე მას გავუზიარე საქართველოს მეგობრების წერილი”, – დაწერა უილსონმა.
ჯო უილსონმა და დემოკრატ კონგრესმენთან სტივ კოენთან ერთად 10 იანვარს დაარეგისტრირეს აშშ-ის კონგრესში „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მოკავშირეების მთავრობის აღიარებაზე უარის თქმას, საქართველოს ლეგიტიმურ ლიდერად სალომე ზურაბიშვილის ცნობას და ახალი არჩევნების მოთხოვნას.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია ვაშინგტონში 20 იანვარს გაიმართება. როგორც წესი, აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი ამ დღეს დებს ფიცს.
პარალელურად ცნობილი ხდება, რომ დონალდ ტრამპი ტრადიციას არღვევს და თავის ინაუგურაციაზე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერს იწვევს. მათ შორის არიან არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, სალვადორის პრეზიდენტი ნაიბ ბუკელე და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი.