უზენაესმა სასამართლომ, 26 თებერვალს, ფლორიდასა და ტეხასში რესპუბლიკელთა მიერ მხარდაჭერილი კანონების კონსტიტუციურობის შესახებ არგუმენტები უნდა მოისმინოს. საკითხი სოციალურ მედიასთან დაკავშირებულ რეგულაციებს ეხება. კანონმდებლობა ზღუდავს სოციალური მედიის პლატფორმების მხრიდან კონტენტის შეზღუდვას, რომელსაც ეს კომპანიები, ზოგიერთ შემთხვევაში არ ეთანხმებიან. მიმომხილველთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამგვარმა რეგულაციებმა ციფრულ ეპოქაში, შესაძლოა, სიტყვის თავისუფლების უფლებები შეცვალოს.
სასამართლოში განსახილველი საკითხია 2021 წელს ამ შტატების მიერ მიღებული კანონები, რომლებიც სოციალური მედიის დიდი პლატფორმების მიერ, კონტენტის მოდერაციის პრაქტიკას არეგულირებს.
ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით გაიყო. სასამართლოებმა დაბლოკეს ფლორიდის კანონის ძირითადი დებულებები, მაგრამ მხარი დაუჭირეს ტეხასის ზომებს.
კანონები გააპროტესტეს ტექნიკური ინდუსტრის სავაჭრო ჯგუფებმა, NetChoice-ისა და Computer & Communications-ის ასოციაციამ. სხვებთან ერთად, ასოციაციაში შედის „მეტას“, „გუგლის“, „იუთუბის“, „ტიკტოკის“, და „სნაპჩათის“ მმართველი კომპანიები.
სასამართლოში მიმდინარე დავის გამო, არც ერთი ეს კანონპროექტი ჯერ ძალაში არ შესულა.
მოსამართლეებმა უნდა გადაწყვიტონ, იცავს თუ არა კონსტიტუციის პირველი შესწორება სოციალური მედიის პლატფორმების სარედაქციო დისკრეციას და უკრძალავს თუ არა შტატის მთავრობებს იმას, რომ მათ კომპანიებს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მომხმარებლის მიერ გაზიარებული შინაარსი გამოაქვეყნონ.
კომპანიებმა განაცხადეს, რომ ამგვარი დისკრეციის გარეშე, მათი ვებგვერდები ექსტრემიზმით, ჩაგვრისა და სიძულვილის ენით გადაიტვირთება.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, რომელიც ეწინააღმდეგება ფლორიდისა და ტეხასის კანონებს, ამტკიცებს, რომ შინაარსის ზომიერების შეზღუდვები არღვევს კონსტიტუციის პირველ შესწორებას.
საპასუხოდ, ტეხასისა და ფლორიდის შტატების ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამ კომპანიების მიერ შინაარსის მოდერირების ქმედებები სცდება პირველი შესწორების დაცვას. ამ შტატების ოფიციალური პირები, სოციალური მედიის კომპანიების ქმედებებს „ცენზურად“ განიხილავენ.