უზენაესი სასამართლო „ვეტინგზე“: ლახავს სასამართლოსა და მოსამართლის დამოუკიდებლობას

საქართველოს უზენაესი სასამართლო განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებას გამოთქვამს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის – ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით.
სასამართლოში მიიჩნევენ, რომ ე.წ. ვეტინგი ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას:
„ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი და მიზნად ისახავს „კეთილსინდისიერების“ შემოწმების საჭიროების თაობაზე უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციას, რათა გაადვილდეს პოლიტიკური კონტოლის განხორციელება სასამართლო ხელისუფლებაზე.
უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა მიმართ გარეგანი ზეწოლის როგორც მითითებული შინაარსი, ისე ამ მასშტაბით განხორციელება, საამისოდ გათვალისწინებული ფაქტობრივი მოცემულობის არარსებობის პირობებში, ქმნის გონივრულ ეჭვს, რომ აღნიშნული წარმოადგენს თითოეული მოსამართლისადმი ინდივიდუალურად მიმართულ გზავნილს-შესაბამისი დღის წესრიგით გაცხადებული პოლიტიკური კონტროლისათვის დაქვემდებარებაზე უარის გაცხადების პირობებში-მათ მიმართ შემოწმების საგანგებო მექანიზმების გავრცელება/გამოყენების დაშვების თაობაზე,“ — ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც უზენაესმა სასამართლომ დღეს, 11 მარტს გაავრცელა.
უზენაეს სასამართლოში აცხადებენ, რომ სასამართლოში მუდმივი დაძაბულობის კლიმატის შექმნა ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს თითოეული მოსამართლის ინდივიდუალურ საქმიანობაზე. ამგვარ პირობებში კი, სასამართლოს განცხადებით, ნიშანდობლივია მცდელობა, რომ საერთო სასამართლოების სისტემის ყურადღება, მართლმსაჯულების განხორციელების საკვანძო ფუნქციის განხორციელების ნაცვლად, მიმართული იყოს ისეთი პროცესებისკენ, რომელიც თავისი შინაარსით არასამართლებრივია და წმინდა პოლიტიკური ხასიათის შემცველია.
განცხადების მიხედვით, საქართველოში დღეს მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოს მიხედვით, განსაკუთრებული სიზუსტით და მომეტებული სიფრთხილით მოწმდება თითოეული მოსამართლის კეთილსინდისიერების, კომპეტენტურობის და მოსამართლის მაღალ თანამდებობასთან შესაბამისობის საკითხები:
„ე.წ. ვეტინგის ინიციატორები მიზანმიმართულად კვლავ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს მიიჩნევენ ე.წ. ვეტინგის ადრესატებად. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოსამართლე, ყოველწლიურად ავსებს დეკლარაციას, რომელიც საჯაროა, ქმნის სავსებით საკმარის საინფორმაციო ბაზას მისი ქონებრივი მდგომარეობის სრულფასოვანი მონიტორინგისათვის. ამას ემატება არასამთავრობო სექტორის შერჩევით ცალკეულ მოსამართლეთა დეკლარაციების სპეციალური მონიტორინგი.
არსებულ მოცემულობაში, ე.წ. ვეტინგის მოთხოვნა არის დაინტერესებული პირების მანიპულაციური, მოჩვენებითი ზრუნვა მართლმსაჯულების სისტემაზე. ცხადია, რომ მითითებული აქტორების მოჭარბებული ინტერესი და მათი დღის წესრიგი მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი დამოუკიდებელი შტოს ლეგიტიმაციის შესუსტებას და მართვის მექანიზმების სასამართლოს მიღმა გატანას,“ — აცხადებენ უზენაეს სასამართლოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ქართულ სასამართლო სისტემაში არც მოსამართლეთა კეთილსინდისიერება თუ კვალიფიკაცია, არც მართლმსაჯულების ხარისხი და არც გადაწყვეტილებათა დასაბუთების სტანდარტი არ მიუთითებს სამართლის უზენაესობის პრობლემის არსებობაზე.
აღნიშნულის საპირისპიროდ, უზენაესი სასამართლოს განცხადებით, საერთაშორისო პრაქტიკამ „თვალნათლად აჩვენა, მსგავსი ე.წ. საგანგებო პროცედურების შედეგი, სამართლის უზენაესობის პრინციპის განმტკიცების ნაცვლად ამ პრინციპის მოსპობაა“:
„ნათელია, რომ ე.წ. ვეტინგი არ მიეკუთვნება საერთაშორისო სტანდარტს, უხეშად ლახავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ითვალისწინებს რა სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს – სასამართლოს დაკომპლექტების მექანიზმების გარე აქტორების ხელში გადატანას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის, ინდივიდუალური მოსამართლისა თუ მოსამართლეთა ცალკეული ჯგუფების წინააღმდეგ მიმართული ღირსების, დამოუკიდებლობის, ინსტიტუციური რეპუტაციის შემლახველ პროცედურას და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული სწორად იქნება აღქმული საზოგადოების მხრიდან,“ — აცხადებენ უზენაეს სასამართლოში.
ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს ეხება, სასამართლო სისტემაზე ახალი რეკომენდაცია გაჩნდა.
ევროკომისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ერთი წლის ვადაში მართლმსაჯულების სისტემაში დანერგოს საკვანძო თანამდებობებზე დანიშნული პირების ხელახალი შეფასების ექსტრაორდინარული მექანიზმი, რომელშიც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ კომისიას ექნება.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისია ტერმინ „ვეტინგს“ არ იყენებს, იურისტების შეფასებით, ეს ჩანაწერი, ფაქტობრივად, ხელისუფლებას სწორედ ამისაკენ მოუწოდებს, რაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმებას და ხელახლა შეფასებას გულისხმობს, მათ შორის მათი ფინანსების გამოაშკარავებით, შესაძლო ნეპოტისტური კავშირების შემოწმებით და სხვა.
„ქართული ოცნება“ უარს ამბობს დანერგოს მექანიზმი, რომელიც სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე მოსამართლეების კეთილსინდისიერების ხელახლა შეფასებას ითვალისწინებს.
მმართველ პარტიაში ცდილობენ ე.წ. ვეტინგი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივად წარმოაჩინონ, თუმცა იმ ყველაფერს რაც ამ ინსტრუმენტის უკან დგას, საქართველოსაგან სინამდვილეში ევროკომისია ითხოვს. “ოცნების” კიდევ ერთი არგუმენტი სუვერენიტეტს ეხება, რასაც მისი ოპონენტები არ იზიარებენ.
ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ: რას ნიშნავს „ოცნების“ უარი სასამართლო სისტემაში „ვეტინგზე“