უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე განათლების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პირველ მოადგილედ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე, ალექსანდრე წულაძე დანიშნა – ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. პრესრელიზში არ არის დაკონკრეტებული, რა სფეროებზე იქნება პასუხისმგებელი წულაძე. აქცენტი კეთდება მის განათლებასა და აკადემიურ საქმიანობაზე.
“ალექსანდრე წულაძეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა. ასევე, ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის ხარისხს Summa Cum Laude შეფასებით.
ალექსანდრე წულაძე 2010 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მოპოვებული აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის გრძელვადიანი კვლევითი სტიპენდია (ნიუ იორკი, ), მაქს პლანკის საერთაშორისო კერძო და შედარებითი სამართლის ინსტიტუტისა (ჰამბურგი, გერმანია) და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევითი გრანტები. არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების მიმართულებით მონოგრაფიის, სახელმძღვანელოსა და სტატიების ავტორი, ასევე საქართველოს მედიატორთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი” – ნათქვამია განათლების სამინისტროს პრესრელიზში.
წულაძე უვადო მოსამართლედ 2019 წელს იქნა არჩეული. 2011-2012 წლებში ის იუსტიციის მინისტრის თანაშემწედ მუშაობდა, 2017-2019 წლებში იყო იურიდიული კომპანია “CLL Law Firm”-ის მმართველი პარტნიორი.
კანონით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, მოსამართლე არ შეიძლება ეწეოდეს რამე ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო ან შემოქმედებითი საქმიანობისა, თუ იგი ხელს არ უშლის სამოსამართლო უფლებამოსილების სათანადოდ განხორციელებას.

ასევე დაგაინტერესებთ