უზბეკეთში მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში ხელს შევუწყობთ ქართული კომპანიების გაფართოებას უზბეკეთის ბაზარზე – ლევან დავითაშვილი

მნიშვნელოვანია საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავება იმისთვის, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ ეკონომიკური პოტენციალი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უზბეკეთი საინტერესოა ქართული კომპანიებისთვისაც, რადგან, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწრაფად მზარდი ეკონომიკა.
„უზბეკეთში იმართება მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მეათე სხდომა. უზბეკეთთან ეკონომიკური ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დინამიურად იზრდება ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო, გადაზიდვების და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა. ორ ქვეყანას შორის პოტენციალი ჯერ კიდევ არ გვაქვს სრულად ათვისებული. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეკონომიკური კავშირების გაღრმავება იმისთვის, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ ეკონომიკური პოტენციალი. უზბეკეთი საინტერესოა ქართული კომპანიებისთვისაც, იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწრაფად მზარდი ეკონომიკა. ქვეყანა, რომელიც თითქმის მილიონი ადამიანით იზრდება წელიწადში. აქედან გამომდინარე ქართულ კომპანიებს აქვთ დაინტერესება უზბეკეთის ბაზარზე შესვლის. ვფიქრობ, რომ ეკონომიკური კომისიის ფარგლებში მოგვეცემა საშუალება და ხელს შევუწყობთ ქართული კომპანიების გაფართოებას უზბეკეთის ბაზარზე. ასევე ვისაუბრებთ იმ მიმართულებებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას, სავაჭრო ურთიერთობების ზრდას, ინვესტიციების მოზიდვას და ასევე ტურიზმის და ტრანსპორტის სფეროების წახალისებას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს