უზბეკეთმა 2030 წლიდან, შესაძლებელია, ჭარბი ელექტროენერგია ევროპაში ექსპორტზე გაიტანოს

უზბეკეთის ენერგეტიკის მინისტრმა ჟურაბეკ მირზამახმუდოვმა განაცხადა, რომ უზბეკეთი თავისი ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტს ევროპაში 2030 წლიდან შეძლებს, თუ ყაზახეთი-უზბეკეთი-აზერბაიჯანი კასპიის ზღვის ფსკერზე კაბელის გაყვანის პროექტს განახორციელებენ.
„ამ წლის ბოლომდე ჩვენ განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის ჯამურ სიმძლავრეს – 4 გვტ-ზე მეტს მივაღწევთ, 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 20 გვტ-ზე მეტი იქნება, საიდანაც ორიდან ხუთ გიგავატამდე წავა ექსპორტზე ევროპაში“, – განაცხადა მინისტრმა.
ექსპორტის ზუსტი მოცულობა დამოკიდებული იქნება ელექტროენერგიის გადაცემის სისტემის სიმძლავრეზე და ევროპელი მყიდველების საჭიროებებზე. უზბეკეთიდან ელექტროენერგია ყაზახეთის გავლით – ცენტრალური აზიის საერთო ელექტროენერგეტიკული სისტემის საშუალებით გავა, შემდეგ ღრმა წყლის კაბელით კასპიის ზღვის ფსკერზე აზერბაიჯანამდე, იქედან – საქართველოში და შემდგომში შავი ზღვის ფსკერზე რუმინეთში, უნგრეთსა და ბულგარეთში.
europetime