„უვიცობა ან რუსეთის გამართლების მცდელობა“ | მელაშვილი კობახიძის განცხადებაზე

„ჯარი ვისია, ვინ არის პასუხისმგებელი მის ქმედებებზე განისაზღვრება არა იმით, თუ რა ეროვნების არიან მასში მომსახურე ოფიცრები და ჯარისკაცები, არამედ იმით, თუ რომელ სახელმწიფოს წარმოადგენენ“, — ასე ეხმაურება ყოფილი დეპუტატი და თვითმმართველობის ექსპერტი ირაკლი მელაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ 1989 წლის 9 აპრილს მიტინგი დაარბია არა რუსულმა ჯარმა, არამედ საბჭოთა არმიამ.
„ნეტგაზეთი“ უცვლელად გთავაზობთ ირაკლი მელაშვილის პოსტს:
„დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ მინიმუმ ალექსანდრე მაკედონელიდან მოყოლებული, ყველა იმპერიის ჯარში მსახურობდა უამრავი სხვადასხვა ეროვნების მებრძოლი, ზოგი ნებაყოფლობით, ზოგი იძულებით. არავის არ მოუვა აზრად, მაგალითად, ნაპოლეონის არმიის ქმედებებზე პასუხი მოსთხოვოს პოლონელებს, იმიტომ რომ მასში ბევრი პოლონელი იბრძოდა. ჰოდა, ამ ბატონს ვინმემ აუხსნას, რომ როგორც ნაცისტური არმია იყო გერმანიის არმია, მიუხედავად იმისა, რომ მასში მილიონობით რუსი, ფრანგი, ბალკანეთის, ბალტიისპირეთის თუ სკანდინავიელი ხალხების წარმომადგენელი იბრძოდა, ასევე 9 აპრილს ჩვენი მოქალაქეების დამხოცველი არის ს წითელი იმპერიის ჯარი. შესაბამისად რუსეთის იმპერიაა მის ქმედებაზე პასუხისმგებელი. რაც პრემიერმა თქვა, ან ელემენტარული უვიცობაა, ან ქართველი ერის სადამსჯელო ოპერაციის დროს ჩადენილ დანაშაულზე რუსეთის იმპერიის გამართლების უბადრუკი და უტვინო მცდელობა. სხვათა შორის, დღევანდელი რუსეთის ფედერაცია საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეა, რაც იმას ნიშნავს, რომ სსრკ-ს მიერ ჩადენილ ყველა დანაშაულზე მას ეკისრება სამართლებრივი თუ პოლიტიკური პასუხისმგებლობა . რა აზრსაც ავითარებს, იმდენად დიდი იდიოტობაა, რომ ჩემს ცხოვრებაში ერთადერთხელ მომიწია მსგავსი სისულელის მოსმენა. 1991 წელს რუსის ჯარი ვილნიუსში შეიჭრა და ტელეანძის შტურმისას ოცამდე ადამიანი დახოცა. მეორე დღეს ზოგიერთი საბჭოთა რესპუბლიკის და ევროპელი ქვეყნების 20 პარლამენტართან ერთად მეც იქ ჩავედი. საღამოს გაიმართა სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული პარლამენტარების სხდომა, რომელიც ლიტვის პარლამენტის თავმჯდომარის, ვიტაუტას ლანდსბერგისის წინადადებით მე მიმყავდა. იქ რუსი პარლამენტარებიც ესწრებოდნენ ელცინის გუნდიდან. ძალიან აიჭრნენ, არ ვიცი იმაზე, რომ დიდი რუსეთის წარმომადგენლებს არ არგუნეს ამ სესიის წაძღოლა, თუ სხვა რამ იყო მიზეზი, მთელი სხდომა იკბინებოდნენ. ბუნებრივია ვცდილობდი, რომ არ მიმექცია მათი საქციელისთვის ყურადღება, არ იყო ამის ადგილი და თან მნიშვნელოვანი იყო, ელცინის გუნდს, ანუ, ე.წ. დემოკრატიული რუსეთის წარმომადგენლებსაც დაეგმოთ საბჭოთა იმპერიის ქმედება. სსრკ-ის დანაშაულებზე საუბრის დროს მოულოდნელად ერთმა რუსმა დეპუტატმა თქვა, რომ 1961 წელს ნოვოჩერკასკის ტრაგედიაზე პასუხისმგებლები მარტო რუსეთი კი არა, ქართველებიც არიან, ვინაიდან იმ ნაწილებში, რომლებმაც ხალხი დახოცა, ქართველებიც მსახურობდნენ. მე პასუხის გაცემა ვინ მაცალა, იმას ისეთი დღე დაადგა ამ სიტყვებისთვის. მაგრად გადარჩა, რომ არ გაილახა და მგონი, თუ სწორად მახსოვს, სხდომის დატოვებაც მოუწია. მერე რუსეთის დელეგაციის ზოგიერთმა წევრმა ბოდიში მომიხადა. ამას რატომ ვწერ ახლა. 35 წლის წინ, რუსეთის იმპერიაზე პასუხისმგებლობის ასარიდებლად, იგივე ნარატივს ავრცელებდა ოკუპანტის წარმომადგენელი პოლიტიკოსი, რაც გუშინ კობახიძემ თქვა. ის ოკუპანტი იყო, იმპერიას წარმოადგენდა, ეს კაცი კი, ჩვენდა სასირცხვილოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სავარძელზე ზის და დღეს ქართულ სახელმწიფოს წარმოადგენს“.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა მ განმარტა მის მიერ 9 აპრილს გავრცელებული განცხადება, რომელშიც არც რუსული და არც საბჭოთა არმია ნახსენები არ არის და ნათქვამია, რომ „უცხოურმა ძალამ“ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ.
„რაც შეეხება 9 აპრილს გავრცელებულ განცხადებას, რატომ არ იყო სიტყვა რუსული ნახსენები, ერთი, რომ ეს იყო არა რუსული ჯარი, როგორც ასეთი, ეს იყო საბჭოთა არმია და ესენი იყვნენ საბჭოთა ჯარისკაცები. იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც 9 აპრილის დემონსტრაცია დაარბიეს და ადამიანები მოკლეს, რუსების გარდა სხვა საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენლებიც იყვნენ, მათ შორის ისეთი რესპუბლიკების წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ცივილიზებული სამყაროს ნაწილად მიიჩნევიან. იქ რუსების გარდა იყვნენ უკრაინელები, ბალტიისპირელები, შუა აზიელები და ა.შ. საბჭოთა კავშირი იყო.
საუბარი იყო უცხოურ ძალაზე და შედარება იყო გაკეთებული. უცხოურმა ძალამ გააკეთა ეს 1989 წლის 9 აპრილს და ახლაც უცხოური ძალა აკეთებს ამას დღევანდელ დღეს 36 წლის თავზე. 1989 წლის 9 აპრილს უცხოური ძალა დაუპირისპირდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ზუსტად იგივე ადგილას უცხოური ძალის დაკვეთით მოქმედებდნენ კონკრეტული ადამიანები საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.