ევროკავშირში უვიზო მოგზაურობის ქვეყნების ჩამონათვალსა და პირობებს განსაზღვრავს რეგულაცია 2018/1806. მიმდინარედ ევროკავშირში განიხილეს ამ რეგულაციაში ცვლილებები, რომელიც შეეხება შეჩერების მექანიზმს. შეჩერების მექანიზმი ნიშნავს ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესაძლებლობას რეგულაციით განსაზღვრული საფუძვლების შესაბამისად.
უვიზო რეჟიმი მინიჭებულია 61 ქვეყნისა და [სპეციალური სტატუსით] ტერიტორიებისთვის: არაბთა გაერთიანებული საამიროები, ანტიგუა და ბარბუდა, არგენტინა, ავსტრალია, ბარბადოსი, ბრუნეი, ბრაზილია, ბაჰამის კუნძულები, კანადა, ჩილე, კოლუმბია, კოსტა რიკა, დომინიკა, გვატემალა, ჰონდურასი, ისრაელი, გრენადა, იაპონია, სამხრეთ კორეა, მარშალის კუნძულები, მავრიკი, ნაურუ, ახალი ზელანდია, პანამა, პერუ, პარაგვაი, სოლომონის კუნძულები, სეიშელის კუნძულები, ტუვალუ, ტრინიდადი და ტობაგო, აშშ, ურუგვაი, ვენესუელა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონები (ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი და მაკაოს სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი), ტაივანი, მოლდოვა, უკრაინა, საქართველო, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და სხვა.
შეჩერების მექანიზმის ცვლილებით, ერთი მხრივ, გამკაცრდა მოთხოვნები, მეორე მხრივ, გამარტივდა პროცედურული ნაწილი. ცვლილების ფუნდამენტური საფუძველი იყო უსაფრთხოების, შენგენის სივრცის მთლიანობის დაცვისა და სწრაფად მოქმედების შესაძლებლობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შემდეგ ასპექტებზე:
· ჰიბრიდული საფრთხეები;
· სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული მიგრაციული მანიპულაციის შემთხვევები („ოქროს პასპორტის“ მფლობელები);
· ქვეყნები, რომლებიც ბოროტად იყენებენ ევროკავშირის გახსნილობას;
· გაეროს წესდების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევები და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა;
· მესამე ქვეყნის მოქალაქეების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა;
· თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების ზრდა.
ოქროს პასპორტი“ წარმოადგენს ინვესტიციით მოქალაქეობისა (Citizenship by Investment – CBI) და ინვესტიციით ბინადრობის (Residence by Investment – RBI) სქემების შედეგს, რაც საშუალებას აძლევს მესამე ქვეყნების მოქალაქეებს, ფინანსური შენატანის სანაცვლოდ მიიღონ მასპინძელი ქვეყნის ბინადრობის ან მოქალაქეობის უფლება. ასეთი შემთხვევები ზრდის კორუფციას, ფულის გათეთრების, უსაფრთხოებისა და გადასახადებისგან თავის არიდების რისკებს. გარდა ამისა, აღნიშნული სქემები არღვევს მაკროეკონომიკური მმართველობის მდგრადობას.
შეჩერების მექანიზმი საშუალებას აძლევს ევროპულ კომისიას, უსაფრთხოების რისკების არსებობის შემთხვევაში, კონკრეტული ქვეყნის მიმართ ხელახლა შემოიღოს ვიზის მოთხოვნა. თავდაპირველად შეჩერებას ექნება დროებითი ბუნება, ევროკავშირსა და ქვეყანას შორის დიალოგის რეჟიმისა და შესაბამისი გამოძიების/მოკვლევის განხორციელების პირობებში. ხოლო, გამოვლენილი პრობლემების გამოუსწორებლობისა და გაგრძელების შემთხვევაში, ევროკომისიას შეუძლია ქვეყნის მიმართ სრულად აღადგინოს ვიზის მოთხოვნა.
დღემდე უვიზო რეჟიმი მხოლოდ ერთხელ გაუქმდა – ვანუატუს შემთხვევაში. ადგილი ჰქონდა ინვესტიციებით მოქალაქეობის სქემებს.
საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების თაობაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა ევროკომისიამ 2015 წლის დეკემბერში. 2016 წელს მომზადდა და დაიწყო საკანონმდებლო პროცესი. პროცესი გახანგრძლივდა, რამეთუ, იმ პერიოდშიც ევროკავშირი განიხილავდა ცვლილებებს შეჩერების მექანიზმში. ამ ცვლილებების მიღების შემდეგ, 2017 წელს საქართველოსა და უკრაინას მიენიჭა უვიზო რეჟიმი. მოლდოვამ კი უვიზო მოიპოვა 2014 წელს. უვიზო რეჟიმის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში, ევროპული კომისიის მხრიდან, უკრაინას დასჭირდა 6 მონიტორინგი და ანგარიში, მოლდოვას 5 მონიტორინგი და ანგარიში, საქართველოს 4 მონიტორინგი და ანგარიში.
2017 წლის დეკემბერში, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ვიზის შეჩერების მექანიზმის პირველი ერთიანი ანგარიში, რომელშიც აისახა დასავლეთ ბალკანეთისა (ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მონტენეგრო, სერბეთი) და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (მოლდოვა, უკრაინა, საქართველო) მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სახელმძღვანელო კრიტერიუმების უწყვეტი შესრულების პროგრესი. 2024 წელს ევროკომისიამ გამოაქვეყნა მეშვიდე ერთიანი ანგარიში, სადაც ასახულია რეკომენდაციები თითოეული ქვეყნის სპეციფიკის შესაბამისად. ამ ანგარიშში საქართველოსთან მიმართებით აღიშნულია შემდეგი: საქართველომ ვერ მიაღწია პროგრესს სავიზო პოლიტიკის შემდგომი დაახლოების მიმართულებით; პირიქით, 2024 წლის აპრილში ჩინეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით, საქართველოსა და ევროკავშირის სავიზო პოლიტიკებს შორის სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა. საქართველო ამტკიცებს, რომ, ვინაიდან მას ევროკავშირთან არ აქვს სახმელეთო საზღვარი, სავიზო პოლიტიკის შეუსაბამობა არ ქმნის ევროკავშირისთვის არარეგულარული მიგრაციის ან უსაფრთხოების კუთხით რისკებს. თუმცა, ევროკომისია მიუთითებს, რომ სავიზო პოლიტიკის დაახლოება წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ვალდებულებას ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და ევროკავშირში წევრობის მიზნით. უკრაინასთან მიმართებით აღნიშნულია, რომ 2023 წელს არ დაფიქსირდა პროგრესი იმ სახელმწიფოების სიასთან უფრო მჭიდრო დაახლოების მიმართულებით, რომელთა მოქალაქეთათვისაც ევროკავშირის სავიზო მოთხოვნები ვრცელდება. მოლდოვასთან მიმართებით აღნიშნულია, რომ 2023 წელს არ დაფიქსირდა პროგრესი ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან უფრო მჭიდრო დაახლოების მიმართულებით, თუმცა 2024 წლის აპრილში დასრულდა მოლდოვასა და ეკვადორს შორის სავიზო თავისუფალი მიმოსვლის შესახებ შეთანხმება. ამ ანგარიშის მომზადების პროცესში მოლდოვა აცხადებს, რომ სრულად დაუახლოვდება ევროკავშირის სავიზო პოლიტიკას ევროკავშირში გაწევრების თარიღამდე.
წყარო:
https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=CELEX%3A02018R1806-20250203
https://www.europarl.europa.eu/thinktank/en/document/EPRS_BRI(2024)762395
https://www.europarl.europa.eu/news/en/press-room/20241121IPR25570/meps-support-revoking-vanuatu-s-visa-freedom
https://home-affairs.ec.europa.eu/policies/internal-security/international-affairs/engagement-partner-countries/visa-liberalisation-moldova-ukraine-and-georgia_en
https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=COM%3A2024%3A571%3AFIN
მასალა მოამზადა ასოციაციამ „შეკი“ (შრომისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტი) ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის პროექტის ფარგლებში „ევროპული ინტეგრაციის დაიჯესტი“
