ასოცირებული გიდი, ტურისტული კომპანია Queen Tamada-ს დამფუძნებლის შეფასებით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება ნიშნავს ქვეყნის სტატუსის დაქვეითებას, ტურისტულად კი იმიჯის შემცირებას. ამის შესახებ გიორგი დარციმელიამ BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში განაცხადა.
ის ირაკლი კობახიძის განცხადებას იმაზე, რომ საქართველოდან ევროკავშირში უვიზოდ თუ ვიზით მოგზაურობა ეგზისტენციური მნიშვნელობის საკითხი არ არის, ტურიზმის დარგის წარმომადგენელი უპასუხისმგებლოს უწოდებს და ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნება ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„[ირაკლი კობახიძის] განცხადება სრულიად უპასუხისმგებლოა. ყველამ კარგად ვიცით რამხელა უპირატესობას აძლევს საქართველოს უვიზო მიმოსვლა… ევროპასთან ეკონომიკის დაკავშირება, შრომითი ბაზრის გაერთიანების წინაპირობაა – უვიზო რეჟიმი უდიდესი საჩუქარია, რაც ევროკავშირს საქართველოსთვის გაუკეთებია. ამის შენარჩუნება, ვფიქრობ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ქვეყანამ ამაზე უარი არ უნდა თქვას. ის, ვინც საპირისპიროს ამტკიცებს და ასეთ განცხადებებს აკეთებს, ვფიქრობ, უპასუხისმგებლობაა… საშიშია ამის იდეოლოგიურ მომენტად წარმოჩენა და თავის მოტყუება, რომ ეს რაღაც ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვასთან და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებასთან არის დაკავშირებული“, – აცხადებს გიორგი დარციმელია.
#რედაქტ2-ის კითხვაზე – რა გავლენა ექნება უვიზო მიმოსვლის შეჩერებას დარგის წარმომადგენლებზე, ასოცირებული გიდის და Queen Tamada-ს დამფუძნებლის შეფასებით, გადაწყვეტილების მიღება ტურიზმისთვის შესაძლოა მძიმე შედეგები მოიტანოს.
„ვიზალიბერალიზაციის შეჩერება პოლიტიკურად და ეკონომიკურადაც ნიშნავს ქვეყნის სტატუსის მნიშვნელოვან დაქვეითებას, თუ წმინდად ეკონომიკურად და ტურისტულად ვიტყვით, ეს არის ქვეყნის მიმზიდველობის შემცირება, დაკნინება. იქიდან გამომდინარე თუ როგორ ვართ სერვისებზე დამოკიდებული და მოსახლეობის დიდი ნაწილი სერვისების სფეროშია ჩართული და ტურიზმსაც საკვანძო როლი აქვს, ქვეყნის ნაკლებად მიმზიდველობა, ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკურად ჩვენ შიმშილის პოზიციაში ვიქნებით. ტურისტულად შეიძლება აქ ძალიან მძიმე შედეგები დადგეს.
მეზობელ სომხეთს რომ შევადაროთ, რადგან სომხეთის მოქალაქეს ევროკავშირში მოგზაურობისას ვიზის აღება უწევს, სომხეთი ამ მხრივ სამოგზაუროდ მიმზიდველი არ არის… შემომყვანი ტურიზმისთვის, საქართველოს არ შემოაქვს საპასუხო სავიზო რეჟიმი და შეიძლება ითქვას, რომ ტექნიკური თვალსაზრისით, შეიძლება არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაგრამ ქვეყნის მიმზიდველობას ამცირებს – ევროკავშირის ქვეყნების განწყობა გაცილებით გაუარესდება და ისედაც შემცირებულ ნაკადს შეამცირებს. ჩვენ ევროკავშირიდან ჯგუფები შარშანაც გაგვიუქმდა და წელსაც სიმცირეა. სამწუხაროდ, რა სტატისტიკაც ცხადდება რეალური არ არის და მასში სერიოზულ ეჭვს შევიტანდი. ჩვენი პირადი სტატისტიკიდან გამომდინარე, ევროკავშირის ქვეყნებიდან და სხვა მიმართულებებიდანაც ვიზიტები ძალიან შეგვიმცირდა. ევროკავშირი არის ჩვენი ძირითადი ბაზარი და მე თუ მკითხავთ, საქართველომ ამ ბაზარზე უნდა აიღოს ორიენტაცია. ახლა კი სრულიად საპირისპირო პროცესებს ვხედავთ, რაც მნიშვნელოვნად დააზარალებს, მათ შორის ჩვენნაირ კომპანიებს, ვინც ევროკავშირიდან ტურისტების შემოყვანაზე არიან აწყობილები. ანუ დაზარალდებიან არამხოლოდ გამყვანი ტურიზმის წარმომადგენლები, არამედ შემომყვანებიც“, – აცხადებს ტურიზმის დარგის წარმომადგენელი და განმარტავს, რომ ევროკავშირიდან შემცირებული ტურისტული ნაკადები და შემოსავლები, ქვეყანაში უცხოური ვალუტების შემოსავლებს შეამცირებს: „შესაბამისად, გაგვიძვირდება ფასები, თუ ეკონომიკას ამ გზით ფულის შემოდინება მოაკლდა. სახელმწიფოსთვის ადგილობრივად ფულის მიღებას გაზრდის, მოიმატებს გადასახადები ან ფასები და გარდა იმისა რომ ტურისტების რაოდენობა შემცირდება, ეს გამოიწვევს ფასების გაზრდას საყოფაცხოვრებო პროდუქტებზე, რაც სერიოზული ეკონომიკური დარტყმა იქნება. ქვეყანაში უცხოური ვალუტა უნდა შემოვიდეს და როდესაც ვერ შემოდის, ფასები იზრდება, სახელმწიფოსგან უნდა ველოდოთ ან მოგების გადასახადის ან სხვა გადასახადების გაზრდას“.
