უვიზო რეჟიმის შეჩერების შემთხვევაში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები ქვეყნიდან გავლენ, მოგზაურობა გაძვირდება – ტუროპერატორი

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემთხვევაში ბევრად ნაკლები ქართველი მოგზაური შეძლებს ევროპის ქვეყნებში გამგზავრებას.
როგორც BMG-სთან ტურისტული კომპანია „ვინგლეთის“ დამფუძნებელი, ანა კირკიტაძე აცხადებს, ერთი მხრივ, მოგზაურების გარკვეული ნაწილი ვერ შეძლებს სავიზო მოთხოვნების დაკმაყოფილებას, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვნად გაძვირდება ევროპაში მოგზაურობა, რადგან მოსალოდნელია, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები ქვეყანას დატოვებენ.
კომპანიაში ამბობენ, რომ ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში, ტურისტული კომპანიებისთვის სხვა ბაზრებზე გადართვა საკმაოდ რთული იქნება.
„იმ შემთხვევაში თუ უვიზო მიმოსვლა შეჩერდება, ეს ევროპაში მოგზაურების რაოდენობის შემცირებას აუცილებლად გამოიწვევს. ყველა ადამიანი ვერ დააკმაყოფილებს ვიზის მისაღებად კრიტერიუმებს. რომც დააკმაყოფილონ კრიტერიუმები, ალბათ წინასწარ ვეღარ დაგეგმავს, რომ თადარიგი დაიჭიროს და კარგი ფასი მიიღოს. მეორე მხრივ, შეიძლება ვიზა მივიღო, მაგრამ ისე გამიძვირდეს ტურისტული პაკეტი, რომ აღარ მიღირდეს წასვლა. მოთხოვნის და დატვირთულობის შემცირება გამოიწვევს იმას, რომ დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანიები საქართველოს ბაზრიდან გავლენ. ახლა ძალიან რომ გვიხარია, ევროპის რომელიმე ქალაქში 50 ევროდ გადაფრენა, ეს ფუფუნება აღარ გვექნება.
ეს ვითარება ტურისტული კომპანიების შემოსავლებზე იმოქმედებს, კომპანიები, რომლებიც ორიენტირებულები არიან ევროპის ბაზარზე, მათთვის ძალიან შემცირდება ტურისტების და ჯავშნების რაოდენობა. აზიურ ბაზარზე გადაწყობა ასეთი მარტივი არაა, აზიის მიმართულება გაცილებით უფრო მაღალბიუჯეტურია, ვიდრე ევროპა. რამაც ევროპული ბაზრის ასეთი ზრდა განაპირობა, ეს მისი ხელმისაწვდომობაა. თუ ხელმისაწვდომობა დაიკარგება, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მე თუ 300 ევროდ მივდიოდი ევროპაში, იგივე ფასად აზიაში წავალ. ვერ წავალ, იმიტომ რომ ამ ფასად ბილეთსაც ვერ ვიყიდი“, – განაცხადა ანა კირკიტაძემ.
ცნობისთვის, 15 ივლისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოზე იმსჯელეს და საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს გარკვეული პირობები იმისთვის, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდეს. პირობების შესასრულებლად კი ევროკავშირი, “ქართული ოცნების” მთავრობას დროს აგვისტოს ბოლომდე აძლევს.