ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუკი საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდება, ეს საავიაციო ბაზარზე მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს.
კომპანია GASA-ში, რომელიც „პეგასუსის ავიახაზების“ და „ეარ არაბიას“ ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ამბობენ, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმება პირველ რიგში ნეგატიურად გამყვან ტურიზმზე აისახება და ავიაკომპანიებს ფრენების სიხშირეების შემცირება მოუწევთ. გიორგი შენგელია BMG-სთან ამბობს, რომ ყველაზე მძიმე ფინანსურ დარტყმას დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები მიიღებენ.
„თუკი საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი შეუწყდათ, ეს მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს საავიაციო ბაზარზე და ტურიზმის სექტორშიც. კერძოდ, ის ავიაკომპანიები, რომლებიც წერტილოვან რეისებს ახორციელებენ ევროპის მიმართულებით, მათთვის საკმაოდ მძიმე პერიოდი დადგება და დარწმუნებული ვარ, მთელი რიგ ავიახაზების შემცირება მოუწევს. ამ დარტყმის ქვეშ დადგება ყველა ის ავიაკომპანია, ვისაც მგზავრები ევროპის მიმართულებით გადაჰყავდა. ალბათ პირველი დარტყმა „ვიზეარისთვის“ იქნება. შემდეგ ალბათ „პეგასუსისთვის“ „პეგასუსი“ მეორე ავიაგადამყვანია საქართველოში და მგზავრთნაკადის უდიდესი უმრავლესობა ევროპის ქალაქების მიმართულებითაა. შესაბამისად, ალბათ „პეგასუსსაც“ მოუწევს სიხშირეების შემცირება. ეს ყველაფერი კი ბუნებრივია, შემოსავლების შემცირებას გამოიწვევს.
ალბათ ალტერნატივებს მოვძებნით, მაგრამ საკმაოდ მძიმე დრო დაგვიდგება ყველას. ეს საფრთხეები და რისკები რომ ისმის, ეს უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ჩვენთვის და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხარჯები შევამციროთ, რამე ახალი ხარჯები არ დავგეგმოთ და ფინანსურად ძლიერად შევხვდეთ ასეთ სიტუაციას, თუკი ის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ასე არ მოხდეს [არ გაუქმდეს უვიზო რეჟიმი]“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.
ცნობისთვის, 15 ივლისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოზე იმსჯელეს და საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს გარკვეული პირობები იმისთვის, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდეს. პირობების შესასრულებლად კი ევროკავშირი, “ქართული ოცნების” მთავრობას დროს აგვისტოს ბოლომდე აძლევს.
