საქართველოს დღის წესრიგში უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე დგას – მოქალაქეები, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ვიზის გარეშე მოგზაურობენ, სრულ პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას” აკისრებენ.
“პირველები” თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სწორედ იმ ადამიანებს გაესაუბრა, რომლებიც გაცვლითი პროპგრამების საშუალებით ან/და პირადი სახსრებით უცხოეთში სასწავლებლად მიდიან. მათი თქმით, ივანიშვილის რეჟიმი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოქალაქეებს ევროპის კარი და ხარისხიანი განათლების მიღების წყარო დაუკეტონ.
“ეს არის განვითარების შეწყვეტა ჩემთვის. მე ახალგაზრდები ხშირად დამყავს საზღვარგარეთ. სამწუხაროდ, ახალგაზრდებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა, განვითარდნენ, გაიცნონ თანატოლები, ისწავლონ. უვიზო მიმოსვლა არის ქართველი ხალხის მონაპოვარი და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გააკეთებს ყველაფერს, რომ ეს შეინარჩუნოს. “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოქალაქეებს ეს გზა გადაუკეტოს, რათა შეუწყვიტონ განვითარება და როგორც კი ადამიანი ვერ ვითარდება, მასზე მანიპულირება მარტივი ხდება”, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ამახვილებს ყურადღებას უვიზო მიმოსვლიგან გამოწვეული სიკეთეებზე. მისი განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია თითოეულ ადამიანს აძლევს იმის საშუალებას, რომ ემიგრაციაში მყოფი ოჯახის წევრი ხშირად მოინახულოს.
“ოჯახის წევრი ცხოვრებს გერმანიაში და შესაბამისად, უვიზო მიმოსვლა რომ არ იყოს, გაგვიჭირდება ძალიან. ამ ქვეყანაში ნახევარზე მეტი ქართველი არ არის დარჩენილი, რაც ძალიან ცუდია. გადინება ხდება, თან უფრო და უფრო”, – ამბობს მოქალაქე.
რას ამბობენ ოპოზიციაში?
მოსახლეობის პოზიციას სრულიად იზიარებს ოპოციზიური პოლიტიკური სპექტრი.
“საფრთხე, ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით რეალურია – ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებლობა მათ [„ქართულ ოცნებას“] ეკისრებათ”,- ამის შესახებ კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა ლანა გალდავამ, ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, საქართველოში როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ისე დემოკრატიის განვითარების კუთხით უკუსვლაა და სწორედ ამ მიზეზებითაა გამოწვეული ევროკავშირის მსგავსი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.
„საფრთხე, ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით რეალურია, მაგრამ ამავდროულად, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ.
ევროკავშირისთვის მთავარი კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და დემოკრატიის განვითარებაა, თუმცა ქვეყანაში ყველა მიმართულებით უკუსვლაა როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ისე ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების კუთხით, ამიტომაც ვხედავთ ევროკავშირის მხრიდან ამგვარ დამოკიდებულებას. აქედან გამომდინარე, ცხადია პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებაზეა“,- განაცხადა ლანა გალდავამ.
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კი ამბობს, რომ ივანიშვილის სანქცირებული რეჟიმი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართულ საზოგადოებას უდიდესი მონაპოვარი წაართვას.
“ჩვენ ვართ ევროპელები საკუთარი არსით, კულტურით. ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის ნაწილი და “ქართულ ოცნებას”, რომელიც სანქცირებულია, სურს, რომ ამ უდიდეს მონაპოვარზე უარი გვითხრას. ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ კიდევ უფრო მკაფიოდ უნდა ამოიღოს ხმა. იმ შეურაცხყოფას, რასაც გვაყენებენ 9 აპრილთან, გიორგი ანწუხელიძესთან, ჩვენს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, პასუხი უნდა გაეცეს და “ოცნება” უნდა ჩამოვაშოროთ ამ ხელისუფლებას”. – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
ამავე პოზიციას იზიარებს კოალიცია “ცვლილებისთვის” წარმომადგენელი, გიორგი ბუტიკაშვილი. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ დღევანდელი მონაცემებით, საქართველო ყველა იმ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რაც EU-თან უვიზო მიმოსვლის დაკარგვის შესაძლებლობას რეალურს გახდის.
“ფაქტები ადასტურებს იმას, რომ ადამიანის უფლებები მასიურად ირღვევა. ყველა რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირმა მიიღო, ყველა რეზოლუცია, რომელიც ევროსაბჭომ მიიღო, ცალსახად აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა არის. დემოკრატიის ინდექსი არის გაუარესებული და საქართველოს პოლიტიკური კურსი არ ეხება ევროკავშირის საგარეო კურს. რაც ავტომატურად ნიშნავს საქართველოსთვის, რომ შემდეგ მოსმენაზე ევროკავშირში მართლაც დადგეს საკითხი ვიზების შეჩერების თაობაზე. ყველა კრიტერიუმი უკვე აკმაყოფილებს საქართველოს იმისთვის, რომ ვიზები შეჩერდეს. ეს საფრთხე რეალურია. ივანიშვილი სჯის საკუთარ ხალხს იმიტომ, რომ ის არ მოდის დიალოგზე, არ ათავისუფლებს პატიმრებს, არ ნიშნავს არჩევნებს, პირიქით, ის აძლიერებს ზეწოლას, როგორც პოლიტიკურ ლიდერებზე, ასევე მედიაზე”, – ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი.
მედიკოსის შეფასება:
ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის დაკარგვას გამოეხმაურნენ მედიკოსებიც. საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში იმ საფრთხეების შესახებ წერს, რაც შესაძლოა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებამ განაპირობოს. ბოჭორიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ ყოველწლიურად ევროპაში სამკურნალოდ 7-დან 10 ათასამდე პაციენტი ჩადის, სწორედ ამიტომ, მისივე შეფასებით, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება უამრავი ქართველი პაციენტისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იქნება. ექიმი 18 აპრილს, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ “ბევრი მძიმე პაციენტისთვის უვიზო მიმოსვლა ღვთიური მანანაა”.
“მე პირადად ვიცნობ ათეულობით პაციენტს, ვინც ვიზალიბერალიზაციისა და ევროპული სოლიდარობს წყალობით ისარგებლა ამ უფლებებით (ესაა ადამიანის უფლებები მოქმედებაში) და გამოჯანმრთელდა, თუმცა სამწუხაროდ ყველა არა. სხვადასხვა წყაროებით, ყოველ წელს 7-დან 10 ათასამდე (ან მეტიც) პაციენტი ჩამოდის სამკურნალოდ ევროპაში, რაც 3 მილიონიანი საქართველოსთვის ძალიან ბევრია.
ესაა ევროპა, ესაა ევროპული სოლიდარობა, ესაა საგინებელი ლიბერალიზმი და ესაა თუნდაც ქრისტიანობა, რეალური და არა ფარისევლური – და მე ძალიან მიხარია, როდესაც საფრანგეთის მედიცინა, ერთ ერთი საუკეთესო მსოფლიოში, ხშირად (ყოველთვის თუ არა) ამართლებს ქართველი პაციენტების იმედებს.
თუმცა, სამწუხაროდ, ზოგი მართლა ტერმინალურ სტადიაში ჩამოდის… მაგრამ ღირსეულ და ადამიანურ პირობებში მაინც ხვდება ბოლო წამებს.
[…] ვთვლი რომ, ძალიან კარგია, როდესაც დაბალი განვითარების ქვეყნის მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა სწორი მკურნალობა ჩაიტაროს განვითარებულ ქვეყანაში – ესაა ჩემთვის გლობალიზაციის ერთ ერთი ყველაზე პოზიტიური შედეგი.
ხოდა, დიახ, ბევრი მძიმე პაციენტისთვის ეს ღვთიური მანანაა, ხოლო ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, სხვა ბევრ დადებით ასპექტს რომ თავი დავანებოთ, უამრავი ქართველი პაციენტისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იქნება და ამაზე პასუხისმგებელი 100%-ით რუსული ოცნება და ყველაზე მეტად მისი მხარდამჭერი იქნება.
ზუსტად ვიცი, იმ პაციენტებს, ვინც აქ ვნახე, საქართველოში გადარჩენის არანაირი შანსი არ ექნებოდათ (და აქ ექიმების ბრალი მინიმალურია). ასე რომ, რუსული ოცნების მიერ მოკლულთა სიას მოკლული პაციენტების სახელებიც დაემატება მალე – 65 000 000 ის მომპარავ წილოსანს რომ სულ ფეხებზე ჰკიდია ეს, ეგ ვიცი”. – წერს ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში.
ონკოპაციენტების პოზოცია:
ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხის ფონზე, მძიმე დიაგნოზის მქონე მოქალაქეებივ პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას” აკისრებენ. ონკოპაციენტები, რომლებმაც სიცოცხლის შენარჩუნება საზღვარგარეთ მკურნალობით შეძლეს, ივანიშვილის რეჟიმს ეუბნებიან, რომ ოლიგარქის გუნდს EU-თან უვიზო მიმოსვლის შეჩერებით, ფაქტობრივად, პაციენტებისთვის განაჩენი გამოაქვს.
ონკოლოგიური პაციენტები “პირველებთან” ამბობენ, რომ საქართველოში შესაბამის მკურნალობას ვერ იღებდნენ, რაც ექიმების არაკომპეტენტურობასა და სამედიცინო პროცედურების მაღალ ფასებს უკავშირდება.
მათივე განმარტებით, ასეთ მოცემულობაში ყველაზე კარგი ვარიანტი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გამგზავრება და იქ სრულფასოვანი მკურნალობა იყო, რამაც მათი სიცოცხლე გადაარჩინა.
“ფაქტობრივად, სახელმწიფოს გამოაქვს განაჩენი იმ ადამიანებისთვის, ვისაც კი კიდევ აქვს შანსი, რომ წამოვიდეს. ცუდად აისახება ყველა იმ ადამიანზე, ვინც სამკურნალოდ თავს აფარებდა ევროპას. ამის ცხადი მაგალითი თავად ვარ. რომ არა ჩემი წასვლა და მათი მკურნალობა, მე ნამდვილად არ ვიქნებოდი დღეს ცოცხალი. საქართველოში პირდაპირ გამომიცხადეს, რომ მოდი რამდენიმე თვე დაველოდოთ და შევხედოთ, რა იქნება.
არანაირი ზომა არ მიიღეს სასწრაფოდ, რაც მჭირდებოდა. გერმანიამ მომხედა და იმ მდგომარეობაში ფეხზე დამაყენეს. ჯანმრთელობის ცნობა, რომელიც თვეში 1-ელ უნდა გადაგზავნო, გაძვირდა და ღირს 200 ლარი. ნაწილი ფინანსდება კვლევის და ნაწილი არ ფინანსდება. თუ საჭიროდ ჩათვალა ექიმმა და 2-3 კვირაში დაგჭირდება იგივე კვლევა, ეს საერთოდ არ ფინანსდება. წარმოუდეგენელ ხარჯებს ვაწყდებოდი”. – განაცხადა მოქალაქემ.
საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაციის დამსახურებით უცხოეთში სამკურნალოდ უპრობლემოდ წავიდა. ამასთან, მისივე თქმით, საფრანგეთში არამხოლოდ სამკურნალო ხარჯები, არამედ ბინის ქირა და კომუნალურებიც კი დაუფინანსდა.
“რა თქმა უნდა, ესე მარტივადაც ვერ ჩამოვიდოდი და ესე მარტივი გზის გავლა არ მომიწევდა. უდიდესი პრობლემები მექნებოდა, ან შეიძლებოდა საერთოდ ვერ მომეხერხებინა აქ ჩამოსვლა. სამწუხაროდ, რაც მოვიკითხე საქართველოში ისეთ ხარჯებთან იყო დაკავშირებული ყველაფერი. ბევრიც აღარ მიფიქრია ამ თემაზე და გადავწყვიტე ჩამოვსულიყავი საფრანგეთში.
პირველივე დღიდან რომ დამიწყეს ყურადღება, დღემდე უყურადღებოდ არ ვარ. რა ხარჯებთან არის ეს დაკავშირებული, ალბათ ყველა კარგად ხვდება და მე ერთი ევროც არ გადამიხდია. საბედნიეროდ, ყველაფერი გამიკეთეს უფასოდ. ჩვეულებრივად მაჩუქეს სიცოცხლე. დღევანდელი მდგომარეობით, რასაც მეუბნებიან ექიმები, სრულიად ჯანმრთელი ადამიანის მდგომარეობა მაქვს. სახლში არაფერში, არც წყალში, არც ელექტროენერგიაში და არც გაზში ფულს არ ვიხდი,” – ამბობს მოქალაქე.
რას ამბობს “ოცნება” ამ თემაზე?
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლის შეჩერებას არ ელის.
ამავდროულად, აკნინებს უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას საქართველოს მოქალაქეებისთვის და ამბობს, რომ იმავე სარგებელს ნახულობენ ევროპული ქვეყნები, სადაც ქართველ ტურისტებს „ფული შეაქვთ“.
„რაიმე ღვთიური მანანა არის უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა? ეს ის ხომ არ არის, რაღაც ზემოდან ქედმაღლური ყურება პერიფერიისთვის, რომ ჩვენზე მოდის მადლი, რომ გვაძლევს შესაძლებლობას, შემოხვიდეთ. ბოდიში მომითხოვია ყველასთან, მაგრამ ეს უვიზო მიმოსვლა გულისხმობს ქართველი ტურისტის წასვლას გერმანიაში, საფრანგეთში, იქ ფულის დახარჯვას და იქაურ ეკონომიკაში ფულის შეტანას. დღეს ევროკავშირის ეკონომიკური ზრდა საშუალო 1%-ია და საქართველოსი – 10 % იმიტომ, რომ ჩვენ ვფიქრობთ ეკონომიკურად სწორად. თუ ვიზები ჩაკეტეს, არავინ შეუშვეს ტურისტი და ფული არ ხარჯა, ესეც [1%-იანი ზრდა} არ ექნება“, — ასე უპასუხა პაპუაშვილმა გერმანიის ელჩს, რომელმაც თქვა, რომ უვიზო მიმოსვლა პრივილეგიაა.
პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირი ცდილობს სხვა ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის და შანტაჟის ინსტრუმენტის მოიპოვოს და ამიტომ ამარტივებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას.
“ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
მისი შეფასებით, „რადიკალური ოპოზიციისთვის ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მისაღებია,“ რის გამოც „დღეს „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, ხოლო რადიკალური ოპოზიცია ქუჩაში“.
„რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მათთვის მისაღებია, ეს არის და ეს. ამიტომ ვართ ჩვენ ხელისუფლებაში, ხოლო რადიკალური ოპოზიცია ქუჩაში. შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება. სწორედ ასე გავხადეთ რამდენიმე წელიწადში საქართველოს მოქალაქის პასპორტი მსოფლიოში სიძლიერით 43-ე. იმ ქვეყნების რაოდენობა კი, სადაც საქართველოს მოქალაქე წინასწარი ვიზის გარეშე შედის, 60-დან 123-მდე გავზარდეთ. საქართველოს მტრების გულის გასახეთქად, ეს ციფრი არათუ დაიკლებს, გაიზრდება“, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში წერს, რომ უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის ტყუილად არავის მოუცია და თუ კომფორტი წინააღმდეგობაშია პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი ყოველთვის ქვეყნის პატრიოტად დარჩება.
„უვიზო მიმოსვლა ნამდვილად კომფორტულია და ეს კომფორტი ჩვენ დავიმსახურეთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ყველა იმ განსაზღვრული ეტაპის გავლით, რაც ევროკავშირმა დაგვიწერა. შესაბამისად, ის ტყუილად არავის მოუცია. თუმცა თუ კომფორტი წინააღმდეგობაში მოდის პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი ყოველთვის რჩებოდა და დარჩება თავისი ქვეყნის პატრიოტად,“ – წერს წილოსანი.
“ქართული ოცნების” განაყოფის, “ხალხის ძალის” წევრი სოზარ სუბარი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი გაუქმდეს. ამის შესახებ სუბარმა “რადიო სივრცეში” სტუმრობისას განაცხადა.
“შესაძლებელია” ,- დასძინა სუბარმა.
ეს საკითხი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც რადიო თავისუფალი ევროპის რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი რამდენიმე თვეში მიიღებს კანონმდებლობას, რომელიც ბრიუსელს გაუმარტივებს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ყველა იმ ქვეყანასთან, ვისთანაც ასეთი რეჟიმი აქვთ.
სოზარ სუბარმა უვიზო რეჟიმის პოტენციური შეჩერება წინასწარვე დაუკავშირა “ქართული ოცნების” პროპაგანდისტულ გზავნილებს, რომ თითქოს ვინმე ევროპაში თბილისს ვასალობას სთხოვს. და დასვა კითხვა, თუ უვიზო რეჟიმი შეჩერდება, ქართველებმა უნდა აირჩიონ, რა ურჩევნიათ,” უვიზო რეჟიმი თუ შევინარჩუნოთ საქართველო”.
შეგახსენებთ, ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებულ მექანიზმზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირს მიეცემა შემდეგი ახალი საფუძველი უვიზო რეჟიმის შესაჩერებლად:
· როდესაც ევროკავშირის გარეთ მყოფი ქვეყანა არ იცავს იმავე სავიზო წესებს, რასაც ევროკავშირი, და ეს იწვევს უფრო მეტი ადამიანის შესვლას ევროკავშირში, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ქვეყანა გეოგრაფიულად ახლოს არის ევროკავშირთან;
· ინვესტორის მოქალაქეობის სქემის ფუნქციონირება, რომლის მიხედვითაც მოქალაქეობა გაიცემა წინასწარ განსაზღვრული გადახდების ან ინვესტიციების სანაცვლოდ;
· ჰიბრიდული საფრთხეები და ხარვეზები დოკუმენტების უსაფრთხოების კანონმდებლობასა თუ პროცედურებში.
ევროკავშირი ასევე შეძლებს შეწყვიტოს უვიზო მიმოსვლა კონკრეტულ ქვეყანასთან, თუ მათი საგარეო ურთიერთობა ამ ქვეყანასთან მოულოდნელად გაუარესდება, განსაკუთრებით ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები.
შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფუძველია უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნიდან არსებითი ზრდა მოქალაქეების, რომელთაც უარი ეთქვათ შესვლაზე ან დაშვებულზე მეტხანს რჩებიან შენგენის ზონაში; თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების ზრდა, რომლის აღიარების მაჩვენებელი დაბალია; ევროკავშირთან თანამშრომლობის შემცირება რეადმისიაზე; საფრთხე შიდა უსაფრთხოებისთვის (მაგ. სისხლის სამართლის დანაშაულების გაზრდის გამო).
ცნობისთვის, “ქართულ ოცნებას” ევროკავშირთან ურთიერთობა დაეძაბა მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსის მიღების მიუხედავად “ოცნებამ” მაინც დაამტკიცა რეპრესიული რუსული კანონი და დაარბია აქციები. იმ პერიოდში ფიზიკურად გაუსწორდნენ ათეულობით ადამიანს, მათ შორის სახლებთან ჩაუსაფრდნენ ოპოზიციონერ აქტივისტებს და ლიდერებს. ამის შემდეგ, გასული წლის შემოდგომაზე, ევროკავშირმა უარი თქვა მოლაპარაკებების გახსნაზე, რის შემდეგაც “ოცნებამ” ცალმხრივად შეაჩერა EU-სთან ინტეგრაციის პროცესი და მიიღო კიდევ არაერთი რეპრესიული კანონი, დააანონსა ოპოზიციის აკრძალვა და კრიტიკული არასამთავრობო სექტორისა და მედიის უკიდურესი შეზღუდვა.
წყარო: tvpirveli.ge ipn.ge
