უვიზო რეჟიმის შეჩერება ტურიზმში კატასტროფულ შედეგებს მოიტანს – ცოტნე ჯაფარიძე

ტურისტული კომპანია “ტრეფიკ თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებელ ცოტნე ჯაფარიძის აზრით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმება უარყოფითად აისახება როგორც შემომყვან, ისე გამყვან ტურიზმზე, რადგან პირდაპირი ავიარეისების რიცხვი შემცირდება.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„უვიზო რეჟიმის შეჩერება კატასტროფულ შედეგებს მოიტანს – ეს იქნება გაკოტრების ტოლფასი იმ ტურისტული კომპანიებისთვის, რომლებიც მუშაობენ გამყვან ტურიზმზე იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში და ა.შ. მათ მოუწევთ სხვა ბაზრებზე გადაწყობა, მაგრამ სრულად მაინც ვერ გადაეწყობიან, რადგან არ არსებობს ალტერნატიული ბაზარი, რომელიც ევროკავშირს ჩაანაცვლებს. ამდენად, ვფიქრობ, ქართულ ტურისტულ კომპანიებს საქმიანობაში დიდი პრობლემები შეექმნებათ“, – ამბობს ცოტნე ჯაფარიძე.
“ტრეფიკ თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა „წერტილთან“ ინტერვიუში ის პერიოდიც გაიხსენა, როდესაც საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა არ ჰქონდა.
“2017 წელს, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება იყო, ფაქტობრივად, დაჯილდოება საქართველოს მოქალაქეების, იმ კუთხით, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდიოდით… შეიძლება, ახალ თაობას წარმოუდგენია, რომ სულ ასე იყო, რადგან ისინი არ მდგარან გერმანიის საელჩოს რიგებში სავიზო აპლიკაციის საქაღალდით ხელში და შემდეგ იყო ლოდინის რეჟიმი – მოგვცემდნენ თუ არა ვიზას. მახსოვს, უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ევროპაში პირველი ჩასვლა და ევროპელი მებაჟეების მოლოცვა საპასპორტო კონტროლის გავლისას. ამდენად, თუ უვიზო რეჟიმი გაუქმდა, ეს იქნება ძალიან დიდი დისკომფორტი მოქალაქეებისთვის და დიდი ნაბიჯი უკან, სიბნელეში“, – დასძინა ცოტნე ჯაფარიძემ.
ამასთან, როგორც „ტრეფიკ თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ვარაუდობს, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება პირდაპირი რეისების რაოდენობასაც შეამცირებს, რაც შემომყვან ტურიზმზეც გავლენას იქონიებს.
“შედეგად, სამწუხაროდ, ის პროგრესი, რომელიც წლების განმავლობაში გვქონდა – ევროკავშირის ქვეყნებიდან მზარდი იყო ვიზიტორების რაოდენობა და ჩვენი ცნობადობა იზრდებოდა მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, ვერ გაგრძელდება.
გარდა ამისა, ვფიქრობ, საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვები, ასევე კრიტიკული სტატიები, რომელიც შეეხება ჩვენი ქვეყნის გავლით სანქციების გვერდის ავლას და ა.შ. უარყოფითად მოქმედებს მაღალგანვითარებული ქვეყნებიდან ვიზიტორების სურვილზე, იმოგზაურონ საქართველოში. ასეთი ქვეყნებიდან ტურისტების უმრავლესობა ყოველთვის ფიქრობს იმაზე, რომ არ წავიდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც თავისი დახარჯული ფულით დიქტატორული თუ ავტოკრატიული რეჟიმების ეკონომიკას შეუწყობს ხელს – რუსეთში, ბელარუსში, ვენესუელაში ასეთი ტურისტები მოგზაურობისგან თავს იკავებენ“, – ამბობს ცოტნე ჯაფარიძე.