უვიზო მიმოსვლის შეჩერება ქართველი მოგზაურების ნაკადს 30-40%-ით შეამცირებს, ეს ტურისტულებსაც დაარტყამს – ტუროპერატორი

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემთხვევაში ბევრად ნაკლები ქართველი მოგზაური შეძლებს ევროპის ქვეყნებში გამგზავრებას.
ტურისტული კომპანია Travelfy-ის ხელმძღვანელი BMG-სთან აცხადებს, მოლოდინია, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში, ევროპაში ქართველი მოგზაურების ნაკადები მინიმუმ 30-40%-ით შემცირდება.
გიორგი მელიქიშვილის თქმით, მოგზაურების ნაწილი სავიზო მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, ნაწილი კი გაძვირებულ ტურისტულ პაკეტს ვეღარ შეიძენს.
უვიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოდან ამდენი ავიაკომპანია აღარ იფრენს, შესაბამისად, გაძვირდება ავიაბილეთები. ძალიან ბევრი ადამიანი ვერ მიიღებს ვიზას, ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა, როგორც ფინანსური, ასევე სამოგზაურო ისტორიიდან გამომდინარე. დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომ პირობითად, სალონიკის მიმართულებით ავიაბილეთები ორი გზა იყიდოს 200 ლარად, ისე რომ ხვალვე გაფრინდეს. თუ უვიზო რეჟიმი შეჩერდება, 200 ლარი სანატრელი იქნება მარტო სავიზო მოსაკრებლებისთვის.
ჩემი აზრით, ქართველი მოგზაურების [რაოდენობა ევროპაში] მინიმუმ 30-40%-ით შემცირდება. მინიმუმ 15-20% ფიზიკურად ვერ გადაიხდის [ტურისტული პაკეტის] გაზრდილ ღირებულებას, მინიმუმ 10-15% ვერ მიიღებს შენგენის ვიზას. მოგზაურების ნაკადის შემცირება ფინანსურად ტურისტულ კომპანიებსაც დაარტყამს“, – განაცხადა გიორგი მელიქიშვილმა.
ცნობისთვის, 15 ივლისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოზე იმსჯელეს და საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს გარკვეული პირობები იმისთვის, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდეს. პირობების შესასრულებლად კი ევროკავშირი, “ქართული ოცნების” მთავრობას დროს აგვისტოს ბოლომდე აძლევს.