უვიზო მიმოსვლის რეჟიმი რომ მაშინ ჰქონოდა საქართველოს, შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა ამ ქვეყანაში – თალაკვაძე

უვიზო მიმოსვლის რეჟიმი რომ მაშინ ჰქონოდა საქართველოს, გეუბნებით, შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა ამ ქვეყანაში, რაც თქვენ აქ ხალხს დამართეთ და რაც თქვენ აქ ადამიანები დღეში ჩააგდეთ, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს.
მან სპეკულაცია უწოდა ოპოზიციის განცხადებებს, რომლის თანახმად, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ აქვთ.
„რაც შეეხება ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, სპეკულაცია და დეზინფორმაციაა, რომ თითქოს ემიგრაციაში მყოფ ჩვენ თანამემამულეებს საშუალება არ აქვთ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ეს უფლება არის კანონით გარანტირებული და ისინი მონაწილეობენ არჩევნებში. მინდა ვუპასუხო „სტრატეგიას“, რომელიც აქ, „ნიანგის ცრემლებით“ ცრემლებით მოთქვამდა ემიგრაციაში მყოფ ადამიანებთან დაკავშირებით და სამინისტროს ადანაშაულებდა, რომ თითქოს რეგისტრაციებს ბლოკავენო და ა.შ. მინდა პირადად თქვენ გითხრათ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამ საგარეო საქმეთა სამინისტრომ 100%-ით გაზარდა ჩვენი თანამემამულეების რაოდენობა, რომლებმაც ხმა მისცეს არჩევნებში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.