გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი ამბობს, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოგზავნილი წერილის ძირითადი შინაარსი უვიზო მიმოსვლის პირობების შესრულებას ეხება.
„უვიზო მიმოსვლის პრივილეგია სწორედ რომ პრივილეგიაა. ის დამოკიდებულია გარკვეულ პირობებზე. ახლა ევროკომისიამ საქართველოს ჰკითხა, ეს პირობები კვლავ სრულდება თუ არა. დაველოდებით საქართველოს ხელისუფლების პასუხს და შესაბამისად ვიმოქმედებთ. საქართველომ ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს. ყველაფერი ბევრჯერ არის გაწერილი. მიღებულია კანონები, რომლებიც რეპრესიულია სამოქალაქო საზოგადოების მიმართ და არ შეესაბამება უვიზო რეჟიმს. ასევე მიღებულია კანონები, რომლებიც რეპრესიულია უმცირესობების მიმართ და ასევე არ შეესაბამება ამ რეჟიმს. მჯერა, ეს არის წერილის ძირითადი შინაარსი“, — განუცხადა ფიშერმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, გერმანიას არ სურს სანქციების დაწესება, თუმცა სანქციების პოლიტიკას ატარებს ადამიანის უფლებების უნივერსალური სტანდარტებისა და იმ ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელსაც საქართველოც აწერს ხელს.
„ჩვენ ვაწესებთ სანქციებს ადამიანის უფლებების დარღვევების გამო და საჭიროების შემთხვევაში მომავალშიც დავაწესებთ“, — თქვა ფიშერმა.
დიპლომატის შეფასებით, საქართველო 2024 წლის დასაწყისიდან ევროკავშირისგან დაშორების პროცესშია.
„საქართველოს ხელისუფლება ყველა ფუნდამენტურ სფეროში ძალიან დიდი სისწრაფით სცილდება ევროპას. ევროკავშირთან და გერმანიასთან ურთიერთობა ღრმა კრიზისშია. არ ვიცი, არსებობს თუ არა გამოსავალი. გამოსავლის გასაღები მხოლოდ საქართველოშია. ჩვენ ვიყავით კარგი, საიმედო პარტნიორები საქართველოსთვის თქვენი დამოუკიდებლობის შემდეგ. გვსურს, ეს ურთიერთობა გავაგრძელოთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოც სურს ჩვენთვის კარგი პარტნიორობა“, — დასძინა ფიშერმა.
ევროკავშირმა საქართველოს გამოუგზავნა წერილი, რომელშიც გაწერილია ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად საქართველოს მიერ დასაკმაყოფილებელი პირობები. საქართველოს „პირობების შესასრულებლად” აგვისტოს ბლომდე ეძლევა ვადა.
„შეკითხვა არის ასეთი: რა რეაგირება გვექნება, თუ რეკომენდაციები არ შესრულდება? აქამდე გვქონდა პოზიცია, რომ არ გვინდა ქართველი ხალხისთვის ზიანის მიყენება უვიზო მიმოსვლის გაუქმებით, თუმცა, პარალელურად, ესაა ევროკავშირის სანდოობის საკითხი. როდესაც ქვეყანა არ ასრულებს პირობებს, ამას შედეგები მოჰყვება, რათა საზოგადოებამაც დაინახოს, რომ მთავრობა ევროპულ გზაზე არაა”, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი მესამე ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებულ მექანიზმზე შეთანხმდა.
შეჩერების მექანიზმის ამოქმედების ახალ საფუძვლებია:
· უვიზო რეჟიმით მოსარგებლე ქვეყნის ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შეუსაბამობა იმ შემთხვევებში, როდესაც ევროკავშირთანამ ქვეყნის გეოგრაფიული სიახლოვის გამო, შეიძლება ევროკავშირში სხვა მესამე ქვეყნების მოქალაქეების არაავტორიზებული შესვლის ზრდა გამოიწვიოს;
· ინვესტორის მოქალაქეობის სქემის ფუნქციონირება, რომლის მიხედვითაც წინასწარ განსაზღვრული საფასურის ან ინვესტიციების სანაცვლოდ მოქალაქეობა ენიჭებათ იმ პირებს, რომლებსაც არ აქვთ რეალური კავშირი შესაბამის მესამე ქვეყანასთან;
· დოკუმენტების უსაფრთხოების კანონმდებლობასა და პროცედურებში ჰიბრიდული საფრთხეები და ნაკლოვანებები;
· ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების გაუარესება მესამე ქვეყანასთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს ან გაეროს წესდების სერიოზულ დარღვევებს.
შესაბამისად, მომავალში, გაეროს წესდების დარღვევა, საერთაშორისო ადამიანის უფლებების ან ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევები და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა იქნება უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძველი.
ამავდროულად, ნარჩუნდება შეჩერების მექანიზმის არსებული საფუძვლები, რომელთა შორისაა ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შეუსრულებლობა, უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნიდან არსებითი ზრდა მოქალაქეების, რომელთაც უარი ეთქვათ შესვლაზე ან დაშვებულზე მეტხანს რჩებიან შენგენის ზონაში; თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების ზრდა; ევროკავშირთან თანამშრომლობის შემცირება რეადმისიაზე; საფრთხე შიდა უსაფრთხოებისთვის (მაგ. სისხლის სამართლის დანაშაულების გაზრდის გამო).
