უვიზოს გაუქმება ბევრ ტურისტულ სააგენტოს გააკოტრებს – ბერეკაშვილი

“[ამას მოჰყვება] ტურისტული პაკეტების გაძვირება, ტურების დაჯავშნის სირთულე, რიგები საელჩოებთან და დიდ ნაწილზე ალბათ უარიც იქნება. მოკლედ პრობლემების მეტი არაფერი იქნება. ვფიქრობ, რომ გამყვან ტურიზმს გაანულებს და ძალიან ბევრ სააგენტოს გააკოტრებს. არის კიდევ ის გარემოება, რომ ზოგიერთ საელჩოს საქართველოში საკონსულო მომსახურება არ აქვს, რის გამოც შესაძლოა გადამისამართება მოხდეს აზერბაიჯანში ან თურქეთში”, – ამბობს ბერეკაშვილი.
გუშინ, 15 ივლისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხიც განიხილეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა თქვა, საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს გარკვეული პირობები იმისთვის, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდეს. პირობების შესასრულებლად ევროკავშირი “ქართული ოცნების” მთავრობას დროს აგვისტოს ბოლომდე აძლევს.
„ჩვენ გავუგზავნეთ საქართველოს მთავრობას წერილი, რომელიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს ეხება. არის ცალკეული პირობები, რომლებთანაც ისინი თანხვედრაში უნდა მოვიდნენ. თუ ეს პირობები არ იქნება შესრულებული დათქმულ ვადამდე, მაშინ მოგვიწევს შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი”, – განაცხადა კალასმა. ევროკავშირის სხვა შესაძლო ზომებად კალასმა ასევე დაასახელა ასოცირების შეთანხმების შეჩერება და სანქციები. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ასევე თქვა, რომ ქართული ოცნების” მხრიდან დემოკრატიაზე თავდასხმას შედეგები მოჰყვება.