“უდიდესი ბოდიში მათეს, ყველამ კარგად ვიცით რატომაც” – ზუკა ბერძენიშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, ზუკა ბერძენიშვილი:
იცით რატომ არის მათე დევიძის საქმე ივანიშვილის საქართველოს იდეალური დიაგნოზი? იმიტომ, რომ პლანეტის ნებისმიერი სახელმწიფოსთვის (მართლა სახელმწიფოსთვის) უდიდესი სიამაყის და ბედნიერების მიზეზი უნდა იყოს ფაქტი, რომ მათესნაირი ადამიანები ეზრდება. ოდნავადაც არ ვაჭარბებ, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის და საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობის ამაზე უფრო თვალსაჩინო სიმპტომი ძაან ცოტა თუ მოიძებნება. ი მ ი ტ ო მ, რ ო მ
მათე არის ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად ხედავს რა წუმპეშიც ცხოვრობს, და ამის მიუხედავად ინარჩუნებს ცხოვრების უწრფელეს ხალისს. თან, ერთი მხრივ, ამ თავის შინაგან ხალისს და სინათლეს შტორმშიც პეშვით დაჰფოფინებს, და, თან, მეორე მხრივ, არაფრით აძლევს საშუალებას, რომ ყურადღება დააჩლუნგებინოს და ინფანტილურ აჩრდილად აქციოს. ამ სინათლის და ხალისის განუყოფელი ნაწილია მისი უსამართლობასთან შეუგუებლობა. გადადებს გიტარას, აკოცებს ბებიას, და თელავიდან გარბის თბილისში. იმიტომ, რომ ხედავს იქ წყდება მისი ქვეყნის ბედი, იმ საზოგადოების ღირსების საკითხი, რომლის ნაწილიც თვითონ არის, და უშუალოდ მისი როლიც მთელ ამ ამბავში. არ უფიქრია, რომ ამისთანა გამორჩეული როლი შეხვდებოდა და ამიტომ უნდა გაქცეულიყო… არ უფიქრია, რომ მისი დადებული აგური იქნებოდა გადამწყვეტი და ამიტომ უნდა გაქცეულიყო… არც ის უფიქრია, რომ ხელის გაწვდენაზე იყო გამარჯვება და საყოველთაო ზეიმის არგამოსატოვებლად უნდა გაქცეულიყო. ამას ვერ იფიქრებდა. რადგან, როცა მათე დაიჭირეს აქციები ჯერ არ იყო ისეთი ხალხმრავალი როგორიც 28 ნოემბრის შემდეგ გახდა. გადიოდა ას კილომეტრს იმიტომ, რომ თავის თავთან და ისტორიასთან უნდა ყოფილიყო მართალი. გადიოდა იმიტომ, რომ აბა ასე ეყურებინა ამ უსამართლობისთვის?! გადიოდა იმიტომ, რომ ესმოდა, შეიძლება სამყაროსთვის ერთი აგური ერთი აგურია, მაგრამ მისი დამდები ადამიანისთვის ის მთელი სამყაროა.
და, რა თქმა უნდა, სწორედ ასეთი აგურებით შენდება ყველაფერი კარგი და მტკიცე, მით უმეტეს, სახელმწიფო. არავითარი პირადი გამორჩენა, არანაირი წინასწარი განზრახვა, მხოლოდ უსამართლობასთან ბუნებრივი შეუთავსებლობა, და უსამართლობის ხახაში სიმწრისგან მოქნეული ჯოხი. რომლითაც, როგორც თვითონ, ასევე თითოეულმა ადამიანმა შესანიშნავად იცოდა და იცის, რომ ვერავის და ვერაფერს მოიგერიებდა, ვერავის და ვერაფერს დააზიანებდა (რამდენიც არ უნდა იძახოს ბონძღმა მილიციელმა ვავა მაქო), მხოლოდ და მხოლოდ ერთი აზრი (რომელიც მათესთვის მთელი სამყაროა):
აბა ასე ვუყუროთ ამ უსამართლობას?! ჰოდა, სანამ ივანიშვილს დავუბრუნდები, ტრადიციული კითხვა მექნება პეპლების მთვლელებთან, ასე ვუყუროთ ამ უსამართლობას?! მათეზე “პოზიტიური” ხომ არ გონია ვინმეს თავი?! დაა… ივანიშვილზე კიდევ გონია ვინმეს რომ საქართველო სახელმწიფოდ უნდა? უზომოდ პასუხისმგებლიანი მოქალაქეებით და უკომპრომისო სამართლიანობით სავსე? ბარემ თავისითაც ხო არ ჩაჯდეს და ამოლპეს ციხეში მთელ თავის მოღალატე და კორუმპირებულ საორკეთთან ერთად? როგორი ზუსტადაც რომ გადამწყვეტი აღმოჩნდა და აღმოჩნდება მათეს როლი საქართველოს ისტორიაში, ამას რაც დრო გავა კიდევ უკეთ დავინახავთ და დავრწმუნდებით ყველა. და იმასაც ყველანი მივხვდებით, რომ საერთოდ არ არის შემთხვევითი, რანაირი ადამიანი მოუქნევდა იმ რაღაცა ჩხირს რუსი ტურების ხროვას, რომლებსაც მარტო ნიღბის უკან, ოლიგარქის ზურგით, ხელში იარაღით და ერთ ჯგროდ შეყრილებს ეძლევათ დიდი გული. რომელიც, სათითაოდ რომ ამოაცალო ყველას და ერთმანეთს შეაზილო, მაინც მათეს გულზე უთვალავჯერ პატარა გამოვა. ივანიშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მათეებმა ვერ ანათონ საქართველოში, და ისე ბნელოდეს, რომ თვითონ შეეძლოს ყველგან ხელის უსასრულოდ ფათური.
მათე დევიძე არის იდეა, რომელიც კლავს, და მოკლავს საქართველოში ივანიშვილის წყვდიადს! რომელიც, სხვათა შორის, არც ისე უსასრულოა.
ასეა ეს. და ცხრა რეჟიმი არ ეყოფა ამის შეცვლას.
მათეს უდიდესი მადლობა იმისთვის, რომ უსასრულოს ამ ქვეყნისთვის ბრძოლის მოტივაციას ხდის. და აქვე უდიდესი ბოდიში, ყველამ კარგად ვიცით რატომაც..
#ბოლომდე.