უდაბნოს მტვრის მასების გავრცელების გამო თბილისში დაბინძურებული ჰაერია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ავტომატური სადგურების მონაცემებით, თბილისში, რუსთავსა და თელავში ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობა დასაშვებ ნორმას მნიშვნელოვნად აჭარბებს, რის ძირითად მიზეზსაც სააგენტოში ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირებენ.
უწყებაში აცხადებენ, რომ 28 მაისიდან დედაქალაქში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.
თბილისში ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია 7 ლოკაციაზე განთავსებული ავტომატური სადგურებით იზომება. მათგან, ყველაზე მეტად ჰაერის დაბინძურებას აღმაშენებლის გამზირზე განთავსებული მონიტორინგის სადგური აჩვენებს.
კერძოდ, ამ ლოკაციაზე ჰაერში PM10-ის კონცენტრაცია (მკგ/მ3) 101.8-ს აღწევს, PM2.5-ის კონცენტრაცია 1 კუბურ მეტრ ჰაერში კი აღმაშენებლის გამზირზე 33.92-ია. აღნიშნული მაჩვენებლით, გარემოს ეროვნული სააგენტოს შკალით თუ ვიხელმძღვანელებთ, აღმაშენებლის გამზირზე ძალიან ცუდი ჰაერია.

„ძალიან ცუდ“ ნიშნულზეა PM10 ნაწილაკების კონცენტრაცია რუსთავში განთავსებული ერთადერთი ავტომატური სადგურის მიხედვითაც. კერძოდ, რუსთავში მეგობრობის გამზირზე განთავსებული სადგურის მიხედვით, PM10 ნაწილაკების კონცენტრაცია 1 კუბურ მეტრ ჰაერში 130.64 მიკროგრამია, PM2.5-ის კი — 36.78.
რაც შეეხება თელავს, თელავში მყარი ნაწილაკებით ჰაერის დაბინძურება „ცუდ“ ნიშნულზეა. PM10 ნაწილაკების კონცენტრაცია თელავში 1 კუბურ მეტრ ჰაერში 50.19 მიკროგრამია.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 9 გარდაცვლილიდან ერთი ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებით იღუპება. WHO-ის მონაცემებით, სწორედ ჰაერის დაბინძურების გამო ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანი იღუპება. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ PM ნაწილაკებით დაბინძურება იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ასთმა, სიმსივნე, გულის შეტევა და ფილტვების დაავადებები. ბავშვებში შესაძლოა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებიც კი გამოიწვიოს.

ასევე დაგაინტერესებთ