უგულავას თქმით, ოპოზიციის ამომრჩევლებისთვის პირადობების ჩამორთმევას ქუთაისშიც აპირებენ

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, გია ბასილაძეს ამომრჩეველზე ზეწოლის ორგანიზებაში ადანაშაულებს. ბასილაძე მას მატყუარას უწოდებს.
უგულავამ ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონთან, ენმ-ს ადგილობრივ წევრებთან ერთან ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ბასილაძე იყო საჯარო მოხელეთა დიდი შეკრების ორგანიზატორი, სადაც განიხილეს ამომრჩევლებზე ზეწოლის სხვადასხვა ხერხი. მისი თქმით, შეკრება სტადიონის ერთ-ერთ დარბაზში, 7 ოქტომბერს გაიმართა და 200-250 ადამიანი ესწრებოდა.
ბასილაძესთან ერთად შეკრების ორგანიზატორებს შორის უგულავა ასახელებს გია მახარაძეს, რომელზეც ამბობს რომ “ის ცნობილია მოზონდერო ჯგუფების კოორდინატორად”.
მისი თქმით, ეს ინფორმაცია მას უშუალოდ ამ შეკრების მონაწილეებისგან აქვს. თუმცა, მათ ვინაობას არ ასახელებს.
“ძირითადად საუბარი იყო იმაზე, რომ იდენტიფიცირებული ოპოზიციური ამომრჩევლების, ძირითადად უფრო ხანში შესული ამომრჩევლების, რომლებიც ინერტულობით გამოირჩევიან, განეიტრალება [უნდა დაგეგმონ] ნებისმიერი მეთოდით, შესაბამისი უბნების ავტორიტეტებით, იქნება ეს კრიმინალური თუ ნებისმიერი ტიპის ავტორიტეტის მიგზავნა და ყველა მეთოდით იქნება დაშინება, მოსყიდვა თუ ა.შ; პირადობის მოწმობის ჩამორთმევა 25 ოქტომბერს და შემდეგ უკვე 27-ში ამ პირადობის მოწმობების დაბრუნება”, – განაცხადა უგულავამ.
“ნეტგაზეთი” ესაუბრა გია ბასილაიას, რომელსაც ვკითხეთ ჩატარდა თუ არა მსგავსი მასშტაბური შეხვედრა 7 ოქტომბერს და რას შეეხებოდა ის. ბასილაძე ამბობს, რომ ამ დროს ქალაქის სხვა ნაწილში იმყოფებოდა და შეხვედრის შესახებ არაფერი იცის, უგულავას კი მატყუარას უწოდებს.
“გიგი უგულავა არის აღიარებული თაღლითი და მაგისი არ დაჯერება არაფერი. არც იმ ხალხის, რომელიც გვერდით ედგა მას. იმ დღეს, როგორც ეგ ამბობს, სტადიონზე შეკრება იყოო, საერთოდ არ ვყოფილვარ. ვერ ვიტყვი, ქალაქში არ ვიყავი-მეთქი, მაგრამ ნამდვილად არ ვყოფილვარ იმ ადგილას. ქალაქის სულ სხვა კუთხეში ვიყავი. ასეთ ტყუილს რომ აფიშირებენ, რა უნდა დაიჯერო ამათი?! რა თქმა უნდა, ცრუ ინფორმაციაა. რასაც თვითონ აკეთებდნენ, იმას იძახიან მერე სხვაზეც. მათი სტილია ეს და მოქმედებენ თავიანთი სტილით. იტყვიან და მერე იყო თუ არ იყო, ამტკიცოს გია ბასილაძემ, ან ნებისმიერმა – ესაა მათი პოლიტიკა”, – განაცხადა გია ბასილაძემ.
უგულავა ამბობს, რომ ინფორმაცია უკვე მიაწოდა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და ის ადამიანებიც უჩვენა მათ, რომლებმაც ზემოხსენებული ცნობა მიაწოდეს.
“ქართულ ოცნებას” საჯარო მოხელეთა დახმარებით ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში ადანაშაულებს “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი ლიდერი, ანა წითლიძე. მან დაასახელა კონკრეტული ადამიანების სახელები, რომლებიც, მისივე მტკიცებით, ზუგდიდში, ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებზე ზეწოლას ცდილობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – რაც უფრო მეტი იქნება უსამართლობა, ზეწოლა და მცდელობა, გადაწყვეტილებები მიიღოს ვინმე სხვამ, ქართველი ხალხის ნაცვლად, მით უფრო მკაცრი და მკაფიო იქნება ქართველი ხალხის პასუხი!

შალვა პაპუაშვილი – მუდმივი ომები თითქოს ჩვენს ბედისწერად იქცა, თუმცა საქმე არა ბედისწერაშია, არამედ იმაში, ვინ მართავს შენს ბედს – 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა არა უბრალოდ დამთხვევა ან ბედის წყალობაა, არამედ შედეგი იმისა, რომ ქართველმა ხალხმა ჩვენი ბედის მართვა ხელში ავიღეთ

შალვა პაპუაშვილი – წარმოიდგინეთ, რა დღეში იქნებოდა ჩვენი ქვეყანა და ხალხი იმ ლოგიკით რომ მოვქცეულიყავით, რომლითაც მოქმედებდა წინა ხელისუფლება და რომლისკენაც მოგვიწოდებს დღევანდელი ოპოზიცია?

ირაკლი ღარიბაშვილი – ყველაზე დიდი დანაშაული და ღალატი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა, ეს არის 2008 წლის აგვისტოს ომი, ქვეყანა საშინელ ავანტიურაში ჩაითრიეს – „ქართული ოცნებამ“ ქვეყანას უწყვეტი 12 – წლიანი მშვიდობა და სტაბილურობა, მოუტანა