“უბედნიერესი დედა ვარ, რომ ჩემი შვილი ჩვენს ქვეყანაში დაფასდა”, – საბა საზონოვის დედა ნინო ნიშნიანიძე “ამბობს” კომენტარში…
· 1
საბა საზონოვი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოებაზე 2023 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარეს. გამომდინარე იქიდან, რომ “ტორინოს” მეორე დღეს სერია A-ს მორიგი ტურის მატჩი ჰქონდა გასამართი, საბას ღონისძიებას ვერ დაესწრო და ჯილდო მისმა მშობლებმა, ნინო ნიშნიანიძემ და ანდრეი საზონოვმა მიიღეს.
აქამდე, ქალბატონი ნინო მედიასთან საუბარს ერიდებოდა, მაგრამ ტაბუ “ლელოსთან” დაარღვია და ემოციები ვერ დამალა. სწორედ მისი დამსახურებაა, საბამ ქართულად უნაკლოდ რომ საუბრობს და ეროვნულ თუ ახალგაზრდულ ნაკრებებში ურთიერთობის პრობლემა არ შექმნია.
“საბას აღიარებამ ძალიან გამახარა. მის ნაცვლად მშობლებს გადმოგვცეს საქართველოს წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდო და სიმართლე გითხრათ, ამან არა მხოლოდ გამახარა, ცოტათი დამაბნია, იმდენად მოულოდნელი იყო.
მადლობა ღმერთს, რომ საბა გაჩნდა ამ ქვეყანაზე. მას ძალიან უყვარს საქართველო, არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების წევრი და მისთვის საქართველო ყველაფერია.
ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როდესაც მისი ვიდეომიმართვა ვნახე, სადაც ჯილდოს გამო ფეხბურთის ფედერაციას მადლობას უხდიდა.
საქართველოს წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელება საბასთვის უდიდესი მოტივაციაა, მისი კარიერა კი მთლიანად მოტივაციაზეა აგებული. ძალიან ბევრს შრომობს, რომ მიზანს მიაღწიოს.
დიდი იმედი მაქვს, რომ წინ ძალიან ბევრი წარმატებული სეზონი ელის და პირად ცხოვრებაშიც ბედნიერი იქნება, რადგან წარმატებული ადამიანი საქმეშიც და პირად ცხოვრებაშიც წარმატებული უნდა იყოს. მე უბედნიერესი დედა ვარ, რომ ჩემი შვილი ჩვენს ქვეყანაში დაფასდა.
ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გამართულ ევროპის ჩემპიონატზე დროშების ზღვაში ვუყურებდი იმ ემოციებს და სიყვარულს, რასაც ქართველი ხალხი საბას მიმართ გასცემდა და ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება იყო.
არ შემიძლია ეს არ ვთქვა: დაჯილდოების დროს დარბაზს გადავხედე, სადაც ჩვენი საამაყო ფეხბურთელები დავინახე – ალექსანდრე ჩივაძე, ოთარ გაბელია, თენგიზ სულაქველიძე, დავით მუჯირი, ვახტანგ ქორიძე, ნოდარ ხიზანიშვილი, გიორგი ჭილაია, ნუკრი კაკილაშვილი…
ჩემს მეუღლეს ვუთხარი – ანდრეი, ეს არის ჩვენი საქართველო, ესენი არიან ლეგენდები და ჩვენი შვილი მათ კვალზე მიდის-მეთქი.
საბამ მიმართვაში კარგი სიტყვები თქვა – “დარწმუნებული ვარ, ჩვენ საქართველოს ფეხბურთის ძლიერ ისტორიას დავწერთო”. ჩვენც, მშობლები, ხელს შევუწყობთ, რომ ამ ისტორიის წერაში საბაც მონაწილეობდეს. ღმერთს შევთხოვ, გააძლიერე საქართველოს ფეხბურთი, პატარებიდან დაწყებული – ეროვნული ნაკრებით დამთავრებული.
დაბნეული ვარ, მაგრამ გულწრფელად ვლაპარაკობ. საბას ეს ჯილდო დაფასების სიმბოლოა, რაც ძალიან მახარებს”, – ამბობს ქალბატონი ნინო ნიშნიანიძე.