ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ფიქრობს, რომ ქართულმა ბიზნესმა კრიზისების მართვა ისწავლა და უკვე უდიდესი გამოცდილება დაუგროვდა, თუ როგორ იმუშაოს ნებისმიერ პირობებში. აღნიშნულ საკითხზე მან „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში ისაუბრა. პაპაშვილმა ყურადღება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს მთავრობის მიმართ დღეს არსებულ არც თუ პოზიტიურ განწყობებზე გაამახვილა.
„რა თქმა უნდა, ეს პერმანენტული პრობლემაა. სულ იყო ეს ტურბულენტობა. მე არ მახსენდება პერიოდი, როცა არ ყოფილა ეს ტურბულენტობა. თუმცა, ახლა უფრო მეტად გვიწევს ვამტკიცოთ ჩვენი სიმართლე და ჩვენი ქვეყნის სწორი გზა. იცით, რა დაძაბულობაა მთელს მსოფლიოში. გაუგებრობაა ევროპასა და ამერიკას შორის, ბრიტანეთსა და აშშ-ს შორის. ძალიან კარგი იქნება თუ ეს დაძაბულობა და მათ შორის, ჩვენს რეგიონში რუსეთ-უკრაინის ომი დროულად დამთავრდება. ვფიქრობ, მსოფლიო ეკონომიკა წინ წამოიწევს და საქართველოს ეკონომიკაც, დამატებით 3-4 პროცენტით გაიზრდება“, – აღნიშნა პაპაშვილმა.
მან შუა დერეფნის საკითხზეც ისაუბრა, რომელიც მას შემდეგ გააქტიურდა, რაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ჩრდილოეთის კორიდორი მანამდე არსებული მასშტაბით აღარ გამოიყენება.
„ვფიქრობ, ამ ომის დასრულების შემდეგაც, “შუა დერეფანი” შეინარჩუნებს კონკურენტუნარიანობას. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის პროექტები, რომლებიც ქვეყანაში ხორციელდება. ქვეყანაში არსებული სოციალური პრობლემების ფონზე, მთავრობა რომ ახერხებს მთლიანი შიდა პროდუქტის 7-8% კაპიტალურ დანახარჯებს დაეთმოს – მე ვფიქრობ, რომ ეს ფანტასტიკური ციფრია. ეს არის გზები, ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, თბილისის საერთაშორისო ახალი აეროპორტი – ეს ყველაფერი მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ რეალურად საქართველო კონკურენტუნარიანი ხდება “შუა დერეფნის” რესურსის გამოყენებით“, – განმარტა პაპაშვილმა.
ბიზნესმენის განმარტებითვე, თუ რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება, ბიზნესისთვის ფული გაიაფდება.
„ბანკები უყურებენ რისკებს. ამიტომ, ახლა ცოტა გაზრდილია საპროცენტო განაკვეთები, რადგან საქართველო რისკის ქვეშაა, მის უახლოეს მეზობლებთან ომია. თუ ეს რისკები მოიხსნება, გაიაფდება ფული. 5-6 წლის წინ როგორიც იყო საპროცენტო განაკვეთები, 3-4 პროცენტითაა გაზრდილი ახლა, რაც ძალიან დიდი თანხაა ჩვენი ბიზნესისთვის“, -აღნიშნა ლაშა პაპაშვილმა.
bp.ge
