უახლოესი 20 წლის განმავლობაში, ქართული რძე ექსპორტზე ვერ გავა – ლაშა პაპაშვილი მიზეზებზე

რაოდენობის გამო, უახლოესი 20 წლის განმავლობაში ნედლი რძის ექსპორტის შანსი არ გვაქვს, – ამის შესახებ ბიზნესმენმა და მერძეული ფერმის “ყვარლის ბაგა” დამფუძნებელმა, ლაშა პაპაშვილმა BM.GE-სთან ისაუბრა.
პაპაშვილისვე ინფორმაციით, ქვეყანაში ინდუსტრიული რძით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 6.5%-ია, მაშინ როცა განვითარებული ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 100%-ია.
“ჩვენ გვაქვს ინდუსტრიული რძის 6.5%. თუ შევადარებთ ამერიკას, ისრაელს, ჰოლანდიას – თავის ქვეყანაში 100%-ით ინდუსტრიული რძე აქვს. შესაბამისად, ჩვენ სხვა ბაზრებისთვის უახლოესი 20 წელი არანაირი შანსი არ გვაქვს, რომ ნედლი რძით გავიდეთ, რადგან არ გვაქვს რაოდენობა“, – ამბობს პაპაშვილი.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას „ყვარლის ბაგამ“ რეპუტაციული ზიანის ფონზე, მედია საშუალებებსა და დარგის სპეციალისტებს ფერმაში უმასპინძლა, რასაც BM.GE-ც ესწრებოდა.
შეგახსენებთ, 2022 წელს ინფორმაცია ქართული პროდუქტების რუსულ ბაზარზე გატანის შესახებ რუსულმა მედიამ გაავრცელა სახელმწიფო სტრუქტურებზე დაყრდნობით. იმავე წლის 5 მარტს სააგენტო “ტასმა” დაწერა, რომ ქართული რძის საწარმოებს სთავაზობს პროდუქტის ექსპორტზე გატანას რუსულ ბაზარზე. “სურსათის ეროვნულ სააგენტოში” დაადასტურეს მოლაპარაკებების არსებობა რუსულ მხარესთან ქართული პროდუქტის ექსპორტზე გატანის შესახებ, თუმცა აღნიშნეს, რომ საქართველო რუსეთთან 2020 წლიდან მუშაობს ამ საკითხზე. მიუხედავად ამისა, ექსპორტი არ განხორციელებულა, მიზეზი ქართველი ფერმერებისა და კომპანიების თქმით, ქვეყანაში არსებული ნედლი რძის დეფიციტია, რის გამოც ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნასაც კი ვერ აკმაყოფილებენ.