“უარი არაბულ ქალაქებს” – ამ სახელწოდებით ბათუმში ცენტრალურ პარკთან აქცია მიმდინარეობს. აქციის წევრები აპროტესტებენ არაბულ ინვესტიციას (Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულებას), რომელიც თბილისსა და აჭარაში დეველოპერული პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს.
აქციის წევრების განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს ეროვნული, დემოგრაფიული, ეკონომიკური, და ეკოლოგიური ინტერესებიდან გამომდინარე, ხელისუფლებისგან მოითხოვენ, რომ გასაჯაროვდეს კრწანისის ტყე-პარკსა და გონიოში დაგეგმილი დასახლებების პროექტებთან დაკავშირებული ყველა ხელშეკრულება და დანართი, გაიმართოს საჯარო განხილვები მოსახლეობის ფართო ჩართულობით, არ განხორციელდეს პროექტთან დაკავშირებული არცერთი მოქმდება, სანამ არ იქნება მიღებული საქართველოს მოსახლეობის თანხმობა აღნიშნულ პროექტებზე.
ადგილზე გროვდება ხელმოწერები ამ მოთხოვნების მხარდამჭერი პეტიიცისთვის.
“850 ჰექტარი არის ძალიან დიდი ქართული ტერიტორია. ეს ქალაქები შენდება იმაზე დიდ ტერიტორიაზე, ვიდრე უჭირავს ფოთს, ქარელს, ჯვარს, სიღნაღს და სხვა ქართულ ქალაქებს. ახლა წარმოიდგინეთ, ამხელა ტერიტორიაზე ორი ქალაქის აშენება, სადაც მდიდრები იცხოვრებენ და ჩვენი ერის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, 60-% კი არა, მე დარმწუნებული ვარ, 80% იქნებიან არაქართველები და ამის გათვალისწინებით, როგორ წარმოგიდგენიათ, შეიძლება, ასეთი პროექტი აშენდეს ქართველი ხალხის დაუკითხავად? ჩენს მიწაზე, 850 ჰექტარზე ერთი აგური არ უნდა დაიდოს მეორეზე ისე, რომ ქართველი ხალხის ნება არ იყოს გათვალისწინებული, – ამბობს აქციის ორგანიზატორი.




