უარიდან რამდენიმე საათში რეესტრმა Eagle Hills-ის დოკუმენტებში ცვლილებები დაარეგისტრირა

საჯარო რეესტრმა არაბული ინვესტიციების საქართველოში შემომტან კომპანია „იგლ ჰილს საქართველოს“ დოკუმენტებში ცვლილები დაურეგისტრირა. მანამდე კომპანიას უარი უთხრეს რამდენიმე ტექნიკური ხარვეზის გამო.
კომპანიას წესდებაში ცვლილებების შეტანაზე უარი უთხრეს ორი მიზეზის გამო:
· შპს „იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედს“, რომლის დაფუძნებულიც არის შპს „იგლ ჰილს საქართველო“, წარმომადგენლად სურს ვერიკო ბერიკაშვილის რეგისტრაცია. ამას „იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედის“ სახელით ითხოვს მოჰამედ ალი რაშიდ ალაბბარი, თუმცა დოკუმენტი, რომლითაც მისი უფლებამოსილება დადგინდებოდა, რეესტრისთვის არ წარუდგენიათ;
· კომპანიას მაქსიმალური კაპიტალის ოდენობად განსაზღვრული აქვს 1000 ლარი, „განთავსებული კაპიტალის“ ოდენობად კი 10 000 ლარი – რეესტრის განმარტებით, ეს ურთიერთსაწინააღმდეგოა.
Eagle Hills-ს ხარვეზის აღმოსაფხვრელად 30 დღე ჰქონდა. კომპანიამ დამატებითი დოკუმენტები დღეს, 20 ნოემბერს, 14:29 საათზე წარადგინა. დადებითი პასუხი კი დაახლოებით სამ საათში, 17:44 საათზე მიიღო.
თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი პარტია „ლელო – ძლიერი საქართველოდან“, ირაკლი კუპრაძე, ამბობს, რომ „ამ დოკუმენტების ვერანაირი დახარვეზება ვერ გააჩენს განცდას, თითქოს სახელმწიფო უწყებები საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს იცავენ“.
არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით მთავრობასა და დეველოპერულ კომპანიას შორის გაფორმებულმა შეთანხმებამ, რომელსაც 22 ოქტომბერს მოეწერა ხელი, საზოგადოებაში უამრავი კითხვა გააჩინა.
მათ შორის, იურისტები და ეკონომისტები აცხადებენ, რომ ბევრი ბუნდოვანებაა როგორც სამშენებლო კუთხით, ისე ფინანსურ ნაწილში ვადებთან მიმართებით. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ პროექტი სასარგებლოზე მეტად, „მავნებლურია“.
დარგის სპეციალისტების განცხადებით, რეალურად, გონიოსა და თბილისში შენდება ორი არაბული დასახლება, მათ შორის ერთი ძალიან მგრძნობიარე რეგიონში, სადაც გარემოსდაცვითი და ეკონომიკური პრობლემების გარდა, რელიგიური და დემოგრაფიული საკითხებიც ვნებათაღელვის საბაბი ხდება ხოლმე.
დაგეგმილ პროექტთან დაკავშირებით კითხვები აქვთ ეკოლოგებსაც. მათ მიაჩნიათ, რომ პროექტი ყველაზე დიდ პრობლემას თავად თბილისს შეუქმნის. ეკოლოგების განცხადებით, ეს ტერიტორია – „ჭალის ტყე“ – დედაქალაქის რეკრეაციულ ზონად ითვლება და ის არის პრაქტიკულად ერთადერთი მტკვრისპირა ტყე, ბუნებრივი რეკრეაციული ზონა, რომელიც ხელუხლებელი შემორჩა ქალაქს.
მათი აზრით, მასშტაბური პროექტი მთელი ქალაქის ინფრასტრუქტურაზე იმოქმედებს – წყლის მიწოდებისა და საკანალიზაციო სისტემებზე, სატრანსპორტო მაგისტრალებზე და შეცვლის დემოგრაფიულ სურათსაც.