„უამრავი რუკა არსებობს, სადაც ტერიტორიები მოხაზულია, როგორც საშიში, პირდაპირ ეს სოფელიც არის ნახსენები“ – სეისმოლოგი

„რატომღაც, პრევენციას, რაც ბუნებრივ კატასტროფებთან მიმართებით ყველაზე მთავარია, არ ექცევა ყურადღება. უამრავი ნამუშევარი და რუკა არსებობს, სადაც ტერიტორიები მოხაზულია, როგორც საშიში, პირდაპირ ეს სოფელიც არის ნახსენები რამდენიმე ანგარიშში“, – ამის შესახებ სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა, შედეგად, 4 ადამიანი გარდაიცვალა, 6-ს კი ამ დრომდე ეძებენ.
„რატომღაც, პრევენციას, რაც ბუნებრივ კატასტროფებთან მიმართებით ყველაზე მთავარია, არ ექცევა ყურადღება. უამრავი ნამუშევარი და რუკა არსებობს, სადაც ტერიტორიები მოხაზულია, როგორც საშიში, პირდაპირ ეს სოფელიც არის ნახსენები რამდენიმე ანგარიშში. ვიცოდით, რომ აქ ასეთი საფრთხეები არსებობს. მაგრამ შემდგომი ნაბიჯები არ იდგმება, რატომღაც.
ასეთ ბუნებრივ კატასტროფებზე, როგორიცაა მეწყერი, ღვარცოფი, წყალმოვარდნა, ზვავი, რისკების შესამცირებლად, აუცილებელია, დავიდეთ ადგილობრივ დონეზე, სოფლების, თემების, ადგილობრივი მმართველობის თუ მოსახლეობის დონეზე. სხვანაირად, ძალიან გაგვიჭირდება ამასთან ბრძოლა. ასე ცენტრალიზებულად, რომ თბილისიდან ჩავიდა გეოლოგების ჯგუფი, თბილისიდან ჩავიდა სამაშველო ჯგუფი, როგორი მაღალი დონისაც არ უნდა იყოს ეს სამსახურები, ყოველთვის გვექნება დიდი პრობლემები. ადგილზე გვჭირდება სპეციალისტები.
თუ ჩვენ საფრთხეების თავიდან არიდება, ან გამოწვეული ზიანის შემცირება გვინდა, აუცილებლად ადგილობრივი ხელისუფლება და მოსახლობა უნდა იყოს მომზადებული. მთელი მსოფლიო თანხმდება ამაზე“,- ამბობს ზურაბ ჯავახიშვილი.
bpn.ge