უამრავი რეისი გაუქმდა და შეფერხდა, ეს ტენდენცია უარესდება, მადლიერების დღის მოახლოებასთან ერთად, საჰაერო მიმოსვლა შემცირდება – აშშ-ის ტრანსპორტის მდივანი
აშშ-ის ტრანსპორტის მდივნის შონ დაფის განცხადებით, მადლიერების დღის მოახლოებასთან ერთად, ავიარეისები შემცირდება.
„უამრავი რეისი გაუქმდა და შეფერხდა. ეს ტენდენცია უარესდება. დისპეტჩერები არ დადიან სამსახურში, რადგან დემოკრატები უარს ამბობენ მათ ანაზღაურებაზე. ორი კვირის შემდეგ, მადლიერების დღის მოახლოებასთან ერთად, ვფიქრობ, რომ საჰაერო მიმოსვლა ნელ-ნელა შემცირდება. მხოლოდ რამდენიმე რეისი შეძლებს ფრენას ქვეყნის აეროპორტებიდან. ათასობით რეისი, რომელიც ემსახურება ამ დიდ ამერიკულ დღესასწაულს, არ განხორციელდება. ბევრი გაბრაზებული ამერიკელი გვეყოლება“, – აღნიშნა შონ დაფიმ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში.
ამასთან, შონ დაფის თქმით, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეტმა ვითარების გასაუმჯობესებლად სამხედრო რეზერვიდან ავიადისპეტჩერების მობილიზების ინიციატივა გამოთქვა.
„ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რომ შევამციროთ დარღვევები და უზრუნველვყოთ საჰაერო სივრცის უსაფრთხოება“, – განაცხადა აშშ-ის ტრანსპორტის მდივანმა.
ცნობისთვის, მსხვილმა ავიაკომპანიებმა მესამე დღეა, შეამცირეს რეისების რაოდენობა. გასულ კვირას ათასობით რეისი შეფერხდა და გაუქმდა. ე.წ. შათდაუნმა, რომელიც ორმოცი დღეა, გრძელდება, გამოიწვია ავიადისპეტჩერების დეფიციტი, რომლებიც, სხვა ფედერალური თანამშრომლების მსგავსად, კვირების განმავლობაში ხელფასს ვერ იღებენ. ამასთან, მადლიერების დღე, რომელიც წელს 27 ნოემბერს აღინიშნება, აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, როდესაც მილიონობით ამერიკელი მგზავრობს ოჯახებთან შესახვედრად.
1tv.ge




