უამინდობის პარალელურად, ბათუმში 20 ათასზე მეტ აბონენტს წყალი დილიდან არ მიეწოდება

ინტენსიური თოვის, ქალაქის ნაწილში ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მომარაგების შეწყვეტის პარალელურად, მთელი დღეა, ბათუმში 20 000-ზე მეტ აბონენტს არ მიეწოდება წყალი.
ს მერიაში ვერ აზუსტებენ, როდის აღდგება წყალმომარაგება:
„დაზიანების მასშტაბიდან და სარემონტო სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, წყალმომარაგების აღდგენის ზუსტ დროს ამ ეტაპისთვის ვერ ვასახელებთ“, – უთხრეს „ბათუმის წყალში“ რადიო თავისუფლებას.
თუმცა დასძინეს, რომ „ღამის განმავლობაში წყალმომარაგება ეტაპობრივად ყველა მისამართზე აღდგება“.
წყლის მიწოდება ქალაქის ნაწილს დღეს, 22 თებერვალს, დილის 07:00 საათიდან შეუწყდა.
მიზეზი გახდა მამია ვარშანიძის ქუჩაზე, #35-ში წყალმომარაგების ორი მილის ავარიულად დაზიანება, – ერთ-ერთი მათგანი ცენტრალური მაგისტრალური მილია.
მერიაში აცხადებენ, რომ ამ დრომდე „აქტიურად მიმდინარეობს“ სამუშაოები.
ბათუმში ინტენსიურად თოვს, ტემპერატურა კი დღისით -1 გრადუსია, თუმცა „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ წყლის მილის დაზიანება უამინდობას არ უკავშირდება.
ბათუმში 21 თებერვალს დიდი თოვლი მოვიდა.
პარალელურად, 21 თებერვალსვე, ქალაქის ნაწილებში შეწყდა გაზის მიწოდება, რამდენიმე დასახლებაში კი ელექტროენერგიაც გაითიშა.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 საზოგადოებას აფრთხილებს, რომ 23-24 თებერვალს შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება.
„მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ“, – წერია 112-ის მიერ მოქალაქეებისთვის გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში.