გურიაში უამინდობისა და დიდი თოვლის გამო 24 თებერვალს მატარებლების სამი რეისი უქმდება. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
გაუქმებულ რეისებს შორისაა:
· 24 თებერვალი – ოზურგეთი-თბილისი;
· 24 თებერვალი – ბათუმი-ოზურგეთი;
· 24 თებერვალი – რიონი-ქუთაისი-რიონი.
„ქუთაისში მიმავალი მგზავრები, ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე მგზავრობენ. ხოლო რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე მგზავრობენ საგარეუბნო ელექტრომატარებლებით, რომელთა გრაფიკი მორგებულია თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს.
შესაბამისად, 24 თებერვალს ოზურგეთი -თბილისის სამგზავრო რეისის გაუქმების შედეგად უქმდება რიონი-ქუთაისი-რიონის ელექტრომატარებელიც“, – წერია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს რეგიონებში თოვლი და უამინდობაა. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა მოქალაქეებს სატელეფონი შეტყობინებებივ გაუგზავნა, სადაც წერია, რომ 23-24 თებერვალს შავი ზღვის სანაპირო ზოლში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. „მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ”, – წერია 112-ის შეტყობინებაში.
შეზღუდვებია საავტომობილო გზებზეც:
· სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზაზე და გრიგოლეთი-სარფის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
· თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ40-კმ120(აღაიანი-ხაშურის კვანძი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
· თოვისა და ლიპყინულის გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
· ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
უამინდობის პარალელურად, ბათუმში 20 ათასზე მეტ აბონენტს წყალი 24 საათზე მეტია არ მიეწოდება.
