„ტყუილია, რომ ხელისუფლება ბიჭვინთის აგარაკების თემაზე დუმს – ერთადერთი, რასაც ჩვენ ოკუპაციის მანკიერი და დასაგმობი მოვლენის წინააღმდეგ არ ვაკეთებთ, არის ის, რომ ომს არ ვაცხადებთ“ – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების” დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას პოზიცია მკაფიოდ, ცხადად და არაორაზროვნად აქვს გაცხადებული და შეურიგებელია ოკუპაციასთან, რა ფორმითაც არ უნდა ვლინდებოდეს.
„ნებისმიერი აქტთან, რომელიც არ მოდის შესაბამისობაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან, ვართ შეურიგებელი და აბსოლუტურად კრიტიკული. საქართველოში ოკუპაცია უნდა დამთავრდეს – ეს არის მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა ითქვას. ერთადერთი, რასაც ჩვენ ოკუპაციის მანკიერი და დასაგმობი მოვლენის წინააღმდეგ არ ვაკეთებთ, არის ის, რომ ომს არ ვაცხადებთ. რაც გაკეთებადია ამის მიღმა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ხელი შეუშალოს პროცესს, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ